ახალი ამბები

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ეკონომისტმა “იავნანას” სასამართლო დავა მოუგო

სამსახურიდან გათავისუფლების კიდევ ერთი ბრძანება გააბათილა დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი ავრცელებს. 

იურისტის თქმით, საუბარია გორში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანადან” გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო დავაზე.

“ამჯერად სს “იავნანას” მოუწევს კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებული 30 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლისათვის, რომელიც შარშან ზაფხულში გაათავისუფლეს, სხვა თანამშრომლებთან ერთად”, – ამბობს მერებაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი “იავნანაში” ეკონომისტად მუშაობდა, თუმცა შტატის გაუქმების მოტივით, ის ერთი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

“გადაარქვეს შტატს სახელი და განაცხადეს რომ ეკონომისტის შტატი გაუქმდაო, თუმცა იდენტური ფუნქციების შტატები შეიქმნა, სხვა დასახელებით და სხვა ადამიანები დაასაქმეს”, – განმარტავს იურისტი. 

მოსამართლემ “იავნანას” დირექტორის ბრძანება ბათილად ცნო, თუმცა იმის გამო, შტატები უკვე დაკავებულია, თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხერხდება.

“თუმცა ის მიიღებს კომპენსაციას და აუნაზღაურდება განაცდური”, – განმარტავს იურისტი. 

დატოვეთ კომენტარი