ადამიანები ისტორიები

5 წლიდან ვიოლინოსთან ერთად და დიდ სცენაზე დადგომის ოცნება – თეკლა კაპანაძის ამბავი

“მე ვიშრომებ იმდენს, რომ გავხდები ჩემი საქმის პროფესიონალი და დავუკრავ ყველა დიდ სცენაზე, – ამბობს თეკლა კაპანაძე, რომელიც 6 წელია ვიოლინოზე უკრავს. ის მუსიკალურ საკრავთან დედამ დაამეგობრა.

პატარა ასაკში მყოფი თითქმის ყველა მოზარდის მშობელი ფიქრობს, რომ შვილი რომელიმე სპორტით დააკაოს, ცეკვაზე ან ფორტეპიანოზე შეიყვანოს. ამ სურვილს ემსახურებოდა თეკლა კაპანაძის დედის განზრახვაც, რომელმაც თეკლა სკოლასთან ერთად ვიოლინოს წრეზე შეიყვანა – ამ ისტორიის თხრობით, იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას თეკლა.

“5 წლიდან ვუკრავ ვიოლინოზე. პირველად დედამ შემიყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, რომ ახლა ვიოლინოს გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის”, – ამბობს თეკლა.

თეკლა 11 წლისაა. სკოლის და მეცადინეობის გამო, თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს. ის ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო, ამიტომ გართობაზე უარს თქმა არ უჭირს.

“ვიოლინოზე მეცადინეობას ყოველდღიურად 3-4 საათს ვუთმობ. ამას ემატება სასკოლო პროგრამა და ფაქტიურად თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა ამაზე არ ვდარდობ. ჩემს თავს მომავალში მუსიკაში და ვიოლინოსთან ერთად ვხედავ, ამიტომ ბევრი უნდა ვიშრომო, რომ პროფესიონალი ვიყო ჩემი საქმის”, – გვიყვება ის.

თეკლა ყველაზე ხშირად მოცარტის კომპოზიციებს უკრავს. ამბობს, რომ გემოვნებიანი მუსიკა საკუთარმა პედაგოგმა შეაყვარა.

“ჩემი წარმატება თავიდან ბოლომდე პედაგოგის, ფატი სადაღაშვილის დამსახურებაა. მან შემაყვარა ეს ინსტრუმენტი, მაზიარა გემოვნებიან მუსიკას, გამხადა თავდაჯერებული. ის ჩემი მეგობარია, ალბათ ვერასდროს დავუბრუნებ უკან იმ სიკეთეს, რაც ჩემთვის აქვს გაკეთებული, ამ წლების განმავლობაში”, – ამბობს თეკლა.

თეკლას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში. მათგან ის რამდენიმე ფესტივალს გამოარჩევს – ბრიტანეთის “გოლდენ თასი” და ისრაელის “ჩრდილოეთის ნათება”. თეკლა მონაწილეობდა რეგიონალურ კონგრესზე საიდანაც უმაღლესი შეფასებით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები