ავტორი: მზეო ზურაბაშვილი, ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
კითხვის უნარების განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა გამართულ და ეფექტიან მუშაობას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა: “უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნებითაც საკმაოდ გრძელი არ არის.“
რაში გვეხმარება კითხვა:
- ლიტერატურის კითხვა ზრდის ლექსიკურ მარაგს;
- აფართოებს თვალსაწიერს;
- ეხმარება მოზარდს კარგისა და ცუდის გარჩევაში;
- ღირებულებების დანახვაში;
- სტერეოტიპებისაგან თავის დაცვაში;
- ხელს უწყობს და ეხმარება ფანტაზიის გავარჯიშებაში.
ამიტომაც მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა ლიტერატურა წაიკითხონ სიამოვნებით და არ მინდა მათთვის კითხვა იყოს ვალდებულება; სურვილი მაქვს, წიგნის მიმართ დამოკიდებულება იყოს სასიამოვნო და ისინი გაიზარდონ “სამოთხრობე“ და “სარომანე“ ადამიანებად. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მიმართულებით მუშაობას.
როდიდან უნდა შევაჩვიოთ მოზარდი კითხვას?
ჯოზეფ ადისონის აზრით, კითხვა იგივეა გონებისათვის, რაც ფიზიკური ვარჯიში სხეულისათვის.
ბავშვობიდან ამის შთაგონება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში მოზარდი კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს. ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობისათვის, რადგან, როგორც ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.
მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ, თუ ბავშვში გავაღვიძებ ლიტერატურის სიყვარულს, ის თვითონ გაუძღვება საკუთარ თავს, გემოვნებაც ნელ-ნელა დაეხვეწება, მსჯელობაც თვითონ მოუნდება და აზრის გამოსახატავად თვითონ აიღებს კალამს ხელში.
როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს შევაყვარო კითხვა?
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე პარალელს ვავლებდი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურიდან, ვასახელებდი პერსონაჟს, მისი ქცევის მოტივაციას ვაანალიზებდი, რის შემდეგაც ვატყობდი მოსწავლეებს, რომ უჩნდებოდათ სურვილი თვითონაც გასცნობოდნენ ამ მოქმედ გმირს.
ისე მოხდა, რომ ჩემ მიერ დასახელებული ნაწარმოები წიგნის სახით ხელიდან ხელში გადადიოდა, მოსწავლეები კლასში საუბრობდნენ წაკითხულის შესახებ და აზრებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
მე-9 კლასელთა საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ვთხოვე, რომ წაეკითხათ ნოდარ დუმბაძის რომანი “მე ვხედავ მზეს’’. ინტერესი რომ გამეღვივებინა, ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. მოსწავლეებმა შემომთავაზეს, რომ დამატებით გაკვეთილზე ერთად წაგვეკითხა მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც თვითონ შეარჩიეს და გვემსჯელა ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ.
დავთქვით დრო. აღმოჩნდა, რომ შეთანხმებულ დამატებით გაკვეთილზე ყველას ჰქონდა ნოდარ დუმბაძის წიგნი მოტანილი. ყურადღება მივაქციე იმ ფაქტსაც, რომ ერთმა მოსწავლემ იზრუნა კლასელზე და დაბადების დღის საჩუქრად მიართვა წიგნი.
მოსწავლეები ჩაერთვნენ კითხვის პროცესში. ტექსტის წაკითხვის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ, ისინი სკოლის დერეფანშც კი სხვა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უზიარებდნენ წაკითხულის შთაბეჭდილებას.
მივხვდი, რომ მიზანი მიღწეული იყო.
ამის შემდეგ, მშობლების დახმარებით, მოსწავლეები თბილისში მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც წავიყვანე, სადაც ყველამ ერთად ვნახეთ სპექტაკლი “მე ვხედავ მზეს“.
ამგვარი აქტივობები მოსწავლეების კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჩემმა მუშაობამ დამანახა, თუ როგორი მიდგომებით უნდა შევაყვარო მათ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ისინი უკვე უფროსებისგან დამოუკიდებლად არჩევენ, ეძებენ, კითხულობენ ლიტერატურას, სტუმრობენ ბიბლიოთეკას. მხოლოდ სკოლა და მასწავლებელი ვერ შეძლებს მოზარდის წიგნიერების დონის ამაღლებას და სასურველი შედეგის მიღებას. კარგია, რომ შევძელი მშობლებთან თანამშრომლობაც. ეს მუდმივი პროცესია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა ყოველ წელს გრძელდება ჩემს ცხოვრებაში.