გორში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმ მძღოლებს აჯარიმებენ, რომლებსაც სოფლებიდან ქალაქში მგზავრები ჩამოჰყავთ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის ტრანსპორტისთვის შესაბამისი მარშრუტები ორი წლის წინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც სოფლიდან მომავალ “მიკროავტობუსებს” ქალაქის ცენტრში მოძრაობა და მგზავრის აყვანა აეკრძალათ.
გორში სოფლიდან მომავალი “მარშუტკის” მძღოლები დააჯარიმეს
რას ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვითაც სოფლის ტრანსპორტის მძღოლები დაჯარიმდნენ?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 პრიმა 1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
“ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება”, – ნათქვამია კანონში.
ინფორმაციისთვის, სოფლის მიკროავტობუსებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება მასშემდეგ აუკრძალეს, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა და ავტოსადგური ქალაქიდან მოშორებით გადაიტანეს.