ადამიანები ისტორიები

მახარებს ხეხილის აყვავებული ხეების ხილვა – თამარ მურალოვა პოლიტიკის მიღმა

„ვარ ისეთი ოჯახიდან, სადაც ძალიან აფასებენ შრომას. პირველ რიგში ოჯახის დამსახურებაა, მე რომ შრომა უზომოდ მიყვარს”.

თამარ მურალოვა გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის მიღმა, ის არის ფერმერი და მეურნეობას უვლის. 

“ბავშვობიდან მქონდა ინტერესი მიწის მიმართ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი პატარა სივრცე მქონოდა, რადგან მიწასთან მუშაობა მსიამოვნებს და მამშვიდებს, ჩემთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.”

თამარს ბაღი სოფელ ძევერაში აქვს, სადაც ძირითადად ხილ-ბოსტნეული მოჰყავს. 

„ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაც საკუთარი გაქვს. დიდ ბედნიერებას მგვრის ხეხილის აყვავებული ხეების ხილვა, რომლებიც ვიცი, რომ ჩემი დარგული, მოვლილი და გაზრდილია. ხოლო საპირისპიროდ, რაღაცნაირი განცდა მაქვს, როცა დაუმუშავებელ მიწას ვხედავ, ასეთ მომენტებში ძალიან მტკივა გული. ვთვლი, რომ მიწა ცოცხალი არსებაა, რომელშიც თუ დიდ სიყვარულსა და ენერგიას ჩადებ, ის აუცილებლად დაგიბრუნებს ამაგს.”

თამარი ამბობს, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად შრომაა საჭირო. მისი თქმით, წარმატებას არ განსაზღვრავს მხოლოდ დიპლომი ან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულობა. როგორც ის ამბობს, წარმატება არის შრომის და მონდომების შედეგი. 

“წლების წინ იყო ტენდენცია, რომ ადამანებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დიპლომი და ისინიც, შესაბამისად სწავლობდნენ დიპლომებისთვის. არადა, ხომ შეიძლება ყველას მოწოდება არ იყოს უნივერსიტეტში სწავლა? მთავარია, შედგე სპეციალისტად, პროფესორად და არავითარი აზრი არ აქვს, თუ სად მიაღწევ ამას. პირობითად რომ ავიღოთ, საშუალო დონის ეკონომისტზე მეტად, შეიძლება ქვეყანას კარგი ხელოსანი სჭირდებოდეს და თუ ახალგაზრდას აქვს მოწოდება, რომ ხელობას დაეუფლოს, მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოს, რადგან, ისევ და ისევ ყველაზე მთავარია, ადამიანს შრომა უყვარდეს.”

თამარი ფიქრობს, რომ საქმის სიყვარულის გარდა, ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და მუდმივად ჰქონდეთ სიკეთის კეთების სურვილი. 

“სიკეთის კეთება არ უნდა იყოს რაიმე გამორჩეული მოვლენა, არამედ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი, ყოველდღიური და ადამიანური. ადამიანები ხშირად იხსენებენ ხოლმე პატარ-პატარა დეტალებს, რაც მე მათთვის წლების წინ გავაკეთე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ასეთი რაღაცეები არასდროს მამახსოვრდება, რადგან საჭიროდ არ ვთვლი დავიმახსოვრო სიკეთი,  რომელიც ოდესღაც ვიღაცას გავუკეთე”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები