ადამიანები ისტორიები

“ფარდის მიღმა” – კასპში საყმაწვილო თეატრი დაარსდა

კასპში თეატრალური დასი “ფარდის მიღმა” დაარსდა. ის სკოლის ბაზაზე შეიქმნა. 

“ეს არის სიახლე ჩვენი ქალაქისთვის, ბევრ ბავშვს უნდოდა თეატრი. ახლა გამოიკვეთა, რომ აქვთ მოსწავლეებს სურვილი სამსახიობოზე ჩააბარონ, ამ სფეროსთან შეხებამ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები აღმოაჩენინათ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ”, – გვიყვება თეა ხორბალაძე. 

ის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია კასპის მერიაში და სწორედ მისი სამსახური იყო ამ დასის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.  

“სკოლები შემოვიარეთ და სათითაოდ მოვუყევით ყველას ჩვენი იდეის შესახებ. ამ სკოლების ბავშვები თეატრის დაარსების ისტორიის თანამონაწილენი გახდნენ”.

თეა ფიქრობს, რომ თეატრალური კულტურის განვითარება, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდების ცხოვრებას შეცვლის და მას უფრო მრავალფეროვანს გახდის. 

“თეატრი შეცვლის მომავალი თაობის აზროვნებას, კულტურას, განათლებას. მათ ასწავლის ხელოვნების სიყვარულს. 60-იან წლებში თბილისიდან ჩამოდიოდნენ თეატრმცოდნეები და დგამდნენ სპექტაკლებს, სადაც კულტურის სფეროს თანამშროლები იყვნენ მსახიობები. ეს მეც გადმოცემით ვიცი და მას შემდეგ აღარავინ შეხებია ამ საქმეს პროფესიონალურად”, – გვიყვება თეა. 

ამ ეტაპზე თეატრს ჰყავს რეჟისორი – ეკატერინე ქვრივიშვილი რეპეტიციებს კვირაში ორჯერ ატარებს.

“რეჟისორმა ბავშვებთან მეტყველებაზე იმუშავა, ტექნიკების ათვისება ვინც შეძლო, ეს არის 25 ბავშვი, ვინ უკვე ტექსტების შესწავლაზე გადავიდა. თემად ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები აირჩიეს და რამოდენიმე თვეში პირველ წარმოდგენასაც გამართავენ. მოლოდინია დიდია. ვფიქრობ, რომ ეს თეატრი ახალგაზრდებში თავის სათქმელს იტყვის”.

თეატრალური დასი “ფარდის მიღმა” პირველ წამოდგენას 29 ივლისს ვაჟაობის დღესასწაულზე გამართავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.