ადამიანები ისტორიები

 “ოქროს ფარი” – ანსამბლი 27- წლიანი ისტორიით

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ოქროს ფარი” 27 წლის წინ დაფუძნდა და ამ დროის განმავლობაში ასობით ახალგაზრდა გამოზარდა.

სტუდია 1995 წელს და ძმა თედიაშვილებმა დაარსეს და მას შემდეგ ანსამბლმა უამრავ გასტროლზე და კონკურსზე მიიღო მონაწილეობა. ნონა თედიაშვილი პატარა ასაკიდან ცეკვავდა “მოზაიკასთან” საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როცა მშობლებმა და-ძმა ცეკვაზე შეიყვანეს.

“მე და ჩემი ძმა, პაატა თედიაშვილი ბავშვობიდან ერთად ვართ ამ სფეროში. ის სამი წლის იყო, მე შვიდის, როცა მშობლებმა შეგვიყვანეს ცეკვის წრეზე და აქედან მოყოლებული სულ ვცეკვავთ. დედა არის ანსამბლის მთავარი დირექტორი, მან დააფუძნა. სამხატვრო ხელმძღვანელი ქორეოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი არის ჩემი ძმა, მე ქორეოგრაფია და კულტურული ღონისძიებები მაბარია”, – გვიყვება ნონა.

და-ძმამ სკოლა ხაშურში დაამთავრა და სწავლა თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. სტუდენტები სწავლასთან ერთად, ცეკვავდნენ “ერისიონში”,ასევე საკუთარ სტუდიაში მუშაობდნენ და ასე იხდიდნენ სწავლის გადასახადს.

“ჩვენ სწავლასთან ერთად, ვმუშაობდით სტუდიაში, 6 წელზე მეტი ვცეკვავდით “ერისიონში”, ზაალ ჭუმბურიძის ჯგუფში. თავიდან გვყავდა 10 ბავშვი, მერე 20 და ასე შემდეგ. იმ დროისთვის, ჩვენ ვიყავით ერთადერთი სტუდენტები, რომლებიც საკუთარი შემოსავლით ვაფინანსებდით ჩვენს სწავლა-განათლებას. ეს იქნებოდა ბინა, წიგნი თუ სხვა რამ. ინსტიტუტის დირექტორი ამბობდა ხოლმე, ამათ მოტანილ გადასახადს ოფლის სუნი უდისო”, – იხსენებს ნონა.

ნონა ამბობს, რომ სტუდიამ ბევრ გამოწვევას გაუძლო. მიუხედავად გაჭირვებული წლებისა, 90 – იანებში ანსამბლი “ოქროს ფარი” მასშტაბურ ღონისძიებებს მართავდა.

“ანსამბლი შეიქმნა ისეთ პერიოდში, როდესაც იყო უშუქობა, უგაზობა, ცხოვრება ჭირდა. თავიდან 3 ლარს იხდიდნენ ბავშვები და იმის გადახდაც კი უჭირდათ. შემდეგ რომ გავხადეთ 7 ლარი, სულ ბოდიშებს ვუხდიდით მშობლებს, ეს თანხა გვეძვირებოდა. გენერატორით ვაკეთებდით ხოლმე კონცერტებს – თუ გენერატორი ააჩქარებდა, მალე რჩებოდა კონცერტი; თუ შეანელებდა, იწელებოდა ნომრები. მაყურებელი სულ გვყავდა, საკონცერტო დარბაზი ძლივს იტევდა ხოლმე”, – ამბობს ნონა.

პედაგოგი ამბობს, რომ ანსამბლის წარმატება მოსწავლეების და მასწავლებლების დაუღალავ შრომაზე დგას.

“რეპეტიციების შემდეგ ვრჩები, სარკესთან ვამუშავებ სხვადასხვა მოძრაობებს. ბავშვები გვხვეწავენ, მათგან მოდის ინიციატივა, სიახლეების შესწავლა. მათთან ერთად ვქმნი სასცენო კომპოზიციებს. გემოვნებიანი მოცეკვავეები გვყავს და თუ რამე მოძრაობა არ მოეწონათ, არ იცეკვებენ, ან სხვას შემომთავაზებენ”, – ამბობს ნონა.

ანსამბლი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობებში. ისინი საკვებით და ფულით ეხმარებოდნენ უკრაინელებს. პროდუქტი გაგზავნეს 2015 წლის 13 ივნისის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის, იღებენ მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობებში, საქველმოქმედო კონცერტიდან მიღებული თანხით, ბევრის სიცოცხეც გადაარჩინეს… ნონა ამბობს, რომ მზადაა ყველა იმ ადამიანს დაუდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი საქმით სიკეთეს მოუტანს.

“აფხაზეთის ომი, რომ დამთავრდა და იქიდან დევნილები ჩამოვიდნენ, ყველა ბავშვი ჩვენთან უფასოდ ცეკვავდა, შემდეგ 2008 წლის ომი იყო, ოსეთიდან დევნილი ბავშვები მივიღეთ. უფასოდ ცეკვავენ მრავალშვილიანი ოჯახის შვილები. ასეთი ქველმოქმედების გარეშე გამორიცხულია ხელოვნება აკეთო”, – ამბობს ის.

“ოქროს ფარს” მიღებული აქვს წლის ანსამბლის დამსახურებული წოდება, სახალხო ანსაბლის წოდება და სხვადასხვა გრან პრი. ანსამბლს გასტროლით იმყოფებოდა საბერძნეთში, ისრაელში, ჰაკალდის კუნძულებზე, სალონიკში, კრეტას კუნძულებზე, თურქეთში, გერმანიაში, ბაქოში, პოლონეთში და ახლა მივემგზავრებით მაროკოში.

დატოვეთ კომენტარი