ადამიანები ისტორიები

ფოტოგრაფი, რომელიც გორის ციფრულ ისტორიას ქმნის

„ჩვენ შეგვიძლია ის წამი გავაჩეროთ, როცა ადამიანები ბედნიერები არიან“

ხშირად გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში. მისი მზერა მუდამ კონცენტრირებულია გარემოზე, ბუნებაზე. ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებს – მორიგი ლამაზი, საინტერესო კადრი “დაიჭიროს”.

„მახსოვს, როცა სკოლაში ვსწავლობდი, მასწავლებელმა შემოიტანა ყუთი, სადაც ბავშვებს უნდა დაგვეწერა ფურცელზე, თუ რა გვინდოდა გამოვსულიყავით და ჩაგვეყარა ამ ყუთში. მე ფოტოგრაფია დავწერე. შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე სხვა სკოლაში გადავედი და ეს ფაქტი მიმავიწყდა კიდეც. წლების შემდეგ ბიძაჩემის მეუღლემ, რომელიც იმ სკოლაში მუშაობდა, სადაც თავიდან ვსწავლობდი, მითხრა, რომ ბავშვებმა ბოლო ზარზე ის ყუთი გახსნეს, სადაც ჩემი ფურცელიც იყო და ფოტოგრაფია მეწერა.”

ბავშვობის გატაცება საბოლოოდ კახას ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამ მიმართულებით დახელოვნების მიზნით, კახამ საკუთარი კამერა შეიძინა და ფოტოგრაფიის კურსებიც გაიარა, 

“საინტერესო ის არის, რომ დიდი ხნის მანძილზე ბავშვობის გატაცება თითქოს გატაცებადვე რჩებოდა და მე ამ საქმეს არ გავყევი, მაგრამ წლების შემდეგ იმ ბავშვმა და მისმა ოცნებებმა მაინც იპოვეს გზა, რომელსაც ფოტოგრაფია ჰქვია.“

კახა გვიყვება, რომ განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა უხარია, რომ დღეს უკვე სხვებს ასწავლის ფოტოგრაფიას. 

“ხელოვნების სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებული, გადამწვარი და მიწასთან გასწორებული იყო, ახლა ჩვენ ვასწავლით ფოტოგრაფიის კურსებს კვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად. შენობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ჩვენ კი ჯერ ჩვენი რესურსითა და ენთუზიაზმით, შემდეგ კი ევროკავშირის გრანტის დახმარებით შევძელით და საკმაოდ კეთილმოწყობილი გარემო შევქმენით ქალაქში.”

კახა ფიქრობს, რომ ფოტოგრაფია იმაზე საინტერესო პროფესიაა, ვიდრე ერთი შეხვედვით ჩანს. 

“ერთის მხრივ, ის ფოტოგრაფს აძლევს საშუალებას საკუთარი ფანტაზია წარმოაჩინოს და მისი დახმარებით წარმოაჩინოს რეალობა, გარემო, ბუნება და მეორეს მხრივ, ფოტოგრაფია იმ ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც ფოტოს უღებ. შენ შეგიძლია დაიჭირო მათი ბედნიერი წამი და შემოუნახო ლამაზი ისტორია.”

კახა მეცნიერებითაც არის დაინტერესებული.

“რომ არა ფოტოგრაფი, ალბათ მეცნიერი, მკვლევარი ვიქნებოდი. ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად არის მსგავსება ფოტოგრაფიასა და მეცნიერებაში. ორივე შეუმჩნეველის შემჩნევას მოითხოვს, ორივეს შრომა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება სჭირდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბოლომდე მაინც ვერ წარმომიდგენია სხვაგან ჩემი თავი. მე ფოტოგრაფი ვარ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.”

დატოვეთ კომენტარი