ორმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს სასამართლო დავა მოუგო.
2022 წლის 11 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ.ი.-სა და თ.დ.-ს სამოქალაქო სარჩელები.
სასამართლომ ბათილად ცნო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებები ნ.ი.-სა და თ.დ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დააკისრა ჰოსპიტალს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელთათვის განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა, მათი იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში სარჩელები არ დაკმაყოფილდა. უკანონოდ გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავდა.
“ორი საქმე მოვუგეთ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, დადასტურდა რომ წინასაახალწლოდ თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს. სამწუხაროდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღდგენის ნაცვლად, კომპენსაცია დაეკისრებინა დამსაქმებლისათვის, გათავისუფლების ორივე ბრძანება კი ბათილად იქნა ცნობილი”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტალმა 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. მათგან 3-მა დახმარებისთვის “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა და სასამართლო დავა დაიწყო. სამივე მათგანი, წლების განმავლობაში, ჰოსპიტალის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.