ადამიანები ისტორიები

“ნიქჰენდი” – ნიკა შავდათუაშვილის სტარტაპი

“შრომა უმთავრესი რამეა. არ არსებობს, რომ უამრავი გატეხილი ღამე სასიკეთოდ არ შემოუბრუნდეს და არ დაუფასდეს ადამიანს”, – ამბობს ნიკა შავდათუაშვილი, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. 

ნიკა ატენელი ახალგაზრდაა, რომელმაც ორიგინალური ჰენდმეიდების წყალობით შეძლო, იდეა სტარტაპად ექცია.

“რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, საკმაოდ რთული დღეები გამოვიარე. გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა პანდემიის პერიოდმა, რადგან პრაქტიკულად არაფერი იყიდებოდა, თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, ყველაზე კარგი, რაც მაშინ გავაკეთე იყო ის, რომ მე არ დავნებდი და ხელი არ ჩავიქნიე”, – ამბობს ნიკა. 

მისი ამჟამინდელი მთავარი მიზანი საკუთარი პროდუქციის დაბრენდვაა. 

“ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი „ნიქჰენდის“ დაბრენდვაა და ამისთვის მზად ვარ, დიდი შრომა გავიღო. ადამიანებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ იმედგაცრუების გარეშე, წარმატება არ მოდის.”

როგორც ნიკა ამბობს, ამ საქმეს თან დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს –  მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს კრეატივი და ხარისხი ერთად.

“მხოლოდ ამ პრინციპის სტაბილურად დაცვის შემთხვევაში გახდება ბრენდი წარმატებული. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საკუთარ პროდუქტს რეალიზაციის გზა მისცენ, ვურჩევდი, მუდამ ახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი მათ მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს საუკეთესო და ყველაზე კარგი, არამედ მთავარია, რომ იყოს განსხვავებული”.

ნიკა ახლა ძირითადად ჩანთებს, სამაჯურებს და კედლის დეკორაციებს ამზადებს. ამბობს, რომ ამ საქმის მიმართ ინტერესი მუდმივად სიახლეების ძიებისკენ უბიძგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს შენი საქმიანობის შესაბამისი ცხოვრების წესი. დასვენების საათებშიც უნდა იკვეთებოდეს შენი ინტერესები შენს საქმესთან და ეს აუცილებლად დაგეხმარება საქმის უფრო ეფექტურად წარმართვაში.”

ნიკა ფიქრობს, რომ თუ ადამიანები საკუთარ უნარებს აღმოაჩენენ და მიზნისკენ სწრაფვას გადაწყვეტენ, აუცილებლად შეძლებენ საკუთარ ქვეყანაშივე მიაღწიონ წარმატებას. 

“ხშირად ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან, აქაური უპერსპექტივობის გამო. ვთვლი, რომ ეს არასწორია. მთავარია დაისახო მიზანი, იყო ინტერესიანი ადამიანი, მზად იყო მუხლჩაუხრელი შრომისთვის და შენ აუცილებლად მოახდენ შენი თავის რეალიზებას, სადაც არ უნდა იყო.“

დატოვეთ კომენტარი