ბლოგები

კომპლექსური დავალების როლი ინგლისური ენის გაკვეთილზე

ავტორი: ინგა გოგალაძე

აქტიურად ვცდილობ თანამედროვე სწავლების მეთოდები დავნერგო ჩემ პრაქტიკაში. სასწავლო პროექტებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი eTwinning-ს სადაც უცხოელ მასწავლებლებთან ერთად ვახორციელებთ მე და ჩემი მოსწავლეები პროექტებს. პროექტებზე მუშაობამ გამიადვილა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესი. პროექტის განხორციელების დროს შეიძლება რამდენიმე პროდუქტი შექმნან მოსწავლეებმა, ხოლო კომპლექსური დავალების დროს ყველა მოსწავლე ერთ პროდუქტს ქმნის.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის საინტერესო გამოწვევაა, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპს და ნაბიჯს მოიცავს.

  • პირველ ეტაპზე ვახდენთ მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობას, გეზის მიმცემი შეკითხვებით ვარკვევთ რამდენად გასაგებია პროდუქტის მნიშვნელობა და დავალების პირობა მათთვის.
  • მეორე ეტაპის პირველი ნაბიჯი არის კომპლექსური დავალების განხორციელებისთვის საჭირო ლექსიკური ერთეულების, გრამატიკული საკითხების, თემის შესაბამისი ტექსტების დამუშავება და საჭირო ფუნქციური სამეტყველო მოქმედებების შესწავლა. ამ ეტაპზე, რაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში, მით უფრო მეტი მოსწავლის ჩართვას შევძლებთ სასწავლო პროცესში. მრავალფეროვან აქტივობებში ვგულისხმობ ვიდეო რგოლების, ონლაინ სასწავლო თამაშების და სხვადსხვა სასწავლო აქტივობების გამოყენებას. მაგ: YouTube, learning.app, kahoot, British Council, Minecraft, Sway, Forms, და ა.შ.
  • მეორე ნაბიჯი არის მოსწავლეებისთვის ნიმუშის ჩვენება, რომლის მსგავსიც კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით უნდა შექმნა. აქვე ვაცნობთ პროდუქტის მახასიათებლებს. რის შემდეგაც იწყებენ კომპლექსური დავალების შესრულებას და აკეთებენ თანატოლების წინაშე პრეზენტაციას.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ვეხმარები გეზის მიმცემი შეკითხვებით, რაც ეხმარებათ ნასწავლის გააზრებაში, კონკრეტულ საკითხს რატომ სწავლობენ, რაში გამოადგებათ და როგორ გამოიყენებენ. ხოლო, კომპლექსური დავალების პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეები პასუხობენ მეტაკოგნიტურ შეკითხვებს, ფიქრობენ მომავალში მსგავს დავალებას როგორ შეასრულებენ, შეცვლიან თუ არა რაიმეს, რა გაუადვილდათ და რა გაუჭირდათ.

მე, როგორც მასწავლებელი ვაკვირდები თითოეულ მოსწავლეს, ვცდილობ მეტი ყურადღება დავუთმო მათ, ვისაც შედარებით მეტი დახარება სჭირდება. ასევე, ვიყენებ წყვილში ან ჯგუფურ მუშაობას, რათა მოსწავლეებმა ერთმანეთისგან ისწავლონ.

კომპლექსური დავალების შეფასებას განმავითარებელი შეფასებით ვახდენ, რაც მოსწავლეებს უადვილებს გაიგონ რა გააკეთეს კარგად და რა აქვთ გასაუმჯობესებელი.

მინდა ავღნიშნო, რომ ყველა მოსწავლეს არ შეუძლია შეასრულოს კომპლექსური დავალება მაღალ დონეზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლე შეეცადოს დავალების შესრულებას, როგორც გამოუვა, ისე შეასრულოს. მოსწავლეები ერთმანეთის პრეზენტაციების მოსმენით ყველაზე კარგად სწავლობენ. რაც უფრო მეტ კომპლექსურ დავალებას აკეთებენ, მით უფრო იხვეწებიან და სწავლობენ, როგორ გააკეთონ კონკრეტული ჟანრის პრეზენტაცია უკეთ, ერთმანეთის ნამუშევრების ნახვით ახალი იდეები უჩნდებათ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის კომპლექსური დავალების მისია.

აქვე მინდა გაგიზიაროთ:

  • ჩემი ბლოგი, სადაც თავმოყრილია ჩემი პროექტები, რომლებიც შეიძლება ვინმესთვის ახალი იდეების წყარო გახდეს: https://ingagogaladze777.blogspot.com/
  • ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები: https://newschoolig.blogspot.com/p/2021.html
დატოვეთ კომენტარი