ბლოგები

“ფრესკა” ჩემი პატარა სამყაროა

ავტორი: ელენე რატიანი

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთვრე, ჩემს ქორეოგრაფიულ გემოვნებაზე გავლენა, რა თქმა უნდა, ჯერ დედამ, სუხიშვილების ანსამბლში ცეკვის დროს კი, ნინო რამიშვილმა იქონია.

დედას ანსამბლი ჩემი ბავშვობიდან ჰქონდა, 1997 წელს კი  ,,ფრესკა“ ერთად დავარქვით. მე და დედამ, განახლებული ძალებით გავაგრძელეთ ქორეოგრაფიული საქმიანობა.  ჩვენთან  ბევრი თაობა გაიზარდა, წარმატება კი ჩვენი ანსამბლის განუყოფელი ნაწილი დაარსების დღიდან იყო,  როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. მოვიარეთ ევროპის ბევრი ქვეყანა და დღესაც ვაგრძელებთ.

ცეკვის უნარების განვითარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მთავარი მონდომებაა. ერთხელ ომარ მხეიძემ მითხრა, – ჩემ გარშემო ვინც ვიცი, ყველა ნასწავლი მოცეკვავეა, შენ ბუნებით დაჯილდოებული ნიჭი გაქვსო, შენი სხეული და გარეგნობა ცეკვისთვის არის შექმნილიო. არ ვიცი ეს ასეა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ცეკვა ჩემი სულის ნაწილია და არ შემიძლია ამ საქმის გარეშე არც ერთი დღე.

როდესაც ჩემს შემოქმედებას ეცნობიან, მეუბნებიან, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული მასში. ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა მიფასდება, თან იოლად გამომდის. იოლად იმიტომ ვამბობ, რომ მიყვარს ჩემი საქმე და სასიამოვნოდ ვიხარჯები.

25 წელია, თაობებს ვზრდი, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. სამუშაო მეთოდებიც წლების განმავლობაში უფრო დავხვეწე.

ათასობით მოსწავლეა ჩემს ხელში გაზრდილი. თითოეულის სახე, ხასიათი და მანერა მახსოვს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ბავშვი სიხარულით მოდის ცეკვის გაკვეთილზე, უზომოდ მიყვარს მათთან ურთიერთობა – ბავშვები გულწრფელები არიან, არ იყტუებიან და ვერც სხვა მოატყუებს, ისინი ზრდასრულზე უკეთ გრძნობენ სიყალბეს.

წელიწადში სამასამდე მოსწავლეს მასპინძლობს ჩვენი სტუდია, ვზრუნავთ თითოეულზე და მათ ფიზიკურ და სულიერ აღზრდას დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. 

რეპეტიციას “ჩემს სამშობლოს გაუმარჯოს“  შეძახილით ვიწყებთ. ვფიქრობ, სამშობლოს სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქართული ცეკვა – საქმე, რომელიც სწორედ საქართველოს ისტორიას ასახავს.

ჩემ მოსწავლეებს ვასწავლი, რომ კარგი შედეგი ყველა საქმეში,  თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.

ვფიქრობ, წარმატებული ადამიანი ვარ, ჩემი თავის რეალიზება შევძელი, ადამიანებს ვჭირდები და მე ეს მაბედნიერებს.

დატოვეთ კომენტარი