ქარელის მერიამ 133 333 ლარი დახარჯა იმ ავტოსადგურის რეაბილიტაციაზე, რომელიც მეექვსე წელია, უფუნქციოა.
ამ დრომდე მოქალაქეები ქალაქის ცენტრში მდებარე ავტოსადგურით სარგებლობენ, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის. როგორც მოზაიკას, ამ კომპანიის ერთ-ერთმა მოლარემ უთხრა, ახალი ავტოსადგური მოუხერხებელ ადგილას არის მოწყობილი.
“თავიდან გვითხრეს, რომ იქ უნდა გადავსულიყავით, მაგრამ შემდეგ მოქალაქების მხრიდან წამოვიდა უკმაყოფილება, რომ ისინი იქ არ ჩავიდიდნენ და ტაქსებით დაიწყებდნენ სიარულს. მართლებიც არიან, ცენტრი აქ არის, ბაზარი, ბანკები, მარკეტები, ყველაფერი აქეთ არის … ამიტომ ისევ აქ დარჩენა გადავწყვიტეთ, მგზავრი რომ არ დაგვეკარგა”.
ინფორმაციისთვის, 2016 წელს ქარელის ბიუჯეტიდან სადგურის რეაბილიტაციისტვის საჭირო თანხა მერის, ზაზა გულიაშვილის გადაწყვეტილებით დაიხარჯა.
ამ დროისთვის, რეაბილიტირებული სადგური ისევ ცარიელია, თუმცა უფუნქციო შენობის გარე ფასადი უკვე დაზიანებულია.