ახალი ამბები

გორის ცენტრალური სტადიონი ევროპული მატჩებისთვის ემზადება

სამშაბათს, 5 ივლისს უეფას ჩემპიონთა, ევროპის და კონფერენს ლიგის მატჩები აიღებს სტარტს.

გორის “დილა” ” უეფას კონფერენს” ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ფინური “კუპსი” იქნება.

პირველი შეხვედრა 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ფინეთში გაიმართება.

განმეორებითი შეხვედრა კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14 ივლისს, საღამოს ცხრა საათიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გორის “დილას” მატჩის გარდა, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი “საბურთალო” თბილისი – “პარტიზანი” ტირანას შეხვედრასაც უმასპინძლებს, რადგან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელზეც “საბურთალო” საშინაო შეხვედრებს მართავს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

გორში გასამართი შეხვედრა 7 ივლისს, 20:00 საათიდან დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა, რომლებიც 1 და 2 ლარი ღირს, Tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. უშუალოდ მატჩის დღეს იმუშავებენ სტადიონის სალაროებიც.

განმეორებით შეხვედრას “საბურთალო” 14 ივლისს ალბანეთში გამართავს. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ “საბურთალოს” და “დილას” გარდა, ევროსარბიელზე იასპარეზებენ თბილისის და ბათუმის “დინამოებიც”.

თბილისის “დინამოს” მეტოქე ევროპის კონფერენს ლიგაზე ესტონური “პაიდე” იქნება, ხოლო ბათუმის “დინამო” სლოვაკეთის წარმომადგენელ “სლოვანს” დაუპირისპირდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები