“ცხოვრების და სიცოცხლის არსი მუდმივ აქტივობაში, ძიებაში, აღმოჩენაში, მიღწევებში და გამარჯვებაშია”, – ასე იწყებს “მოზაიკასთან” საუბარს ლია ნიპარიშვილი, რომელიც თითქმის 10 წელია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტია.
ნიპარიშვილი პროფესიით პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სპეციალისტია. წლების განმავლობაში, მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჯერ პედაგოგად, შემდეგ კი ბაღის დირექტორად. ამბობს, რომ ბავშვებთან მუშაობის წლები ყველაზე მეტად ეძვირფასება, თუმცა ახალგაზრდებთან თანამშრომლობას არც საკრებულოში მუშაობის პერიოდში არ წყვეტს. მეგობრობს მათთან, ეხმარება და ზოგ შემთხვევაში რჩევასაც ეკითხება.
“ჩემს ვალდებულებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობ ახალგაზრდებთან, მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებთან და მოსწავლეებთან, დაინტერესებულ მოსწავლეებს საკრებულოს შენობაშიც ვმასპინძლობთ, სადაც ეცნობიან უწყების ფუნქციებს, ვალდებულებებს, რეგლამენტს, სტრუქტურას. ახალგაზრდებმა ჩაატარეს იმიტირებული საკრებულოს სხდომა, სადაც თავად შეადგინეს დღის წესრიგი. სხდომა ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა. დავინახეთ, რომ ისინი აზროვნებით, პრობლემებთან დამოკიდებულებით, გადაჭრის გზების ძიებით, ოპონირებით, გადაწყვეტილებების მიღებით ძალიან ახლოს იყვნენ ჩვენთან”, – ამბობს ნიპარიშვილი.
ლია ფიქრობს, რომ საჯარო უწყებაში მუშაობა მისთვის გამოწვევაცაა, პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი ვალდებულებაც.
“შენი თითოეული სიტყვა, აზრი, ქმედება უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესების თანხვედრაში. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, არ მივცეთ დეზინფორმაციას გავრცობის საშუალება. ამისთვის კი საჭიროა მეტი სიახლოვე მოსახლეობასთან”, – ამბობს ის.
ამბობს, რომ ოჯახის და სამსახურეობრივი საქმეების ერთდროულად მართვა დიდ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ამისთვის შრომა და ძალისხმევას არ იშურებს.
“შვილების გაზრდაში მეხმარებოდნენ, მაგრამ აღზრდა ჩემი ვალდებულება იყო. ყველაფერი გავაკეთე მათი ლამაზი ბავშვობისთვის, აღზრდა-განათლებისთვის, წარმატებულ, დამოუკიდებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის. ერთი რამ ნამდვილად ვიცი – ჩემს შვილებს არ ახსოვთ გაბრაზებული დედა, ხმის მაღალი ტონი. ვარ კარგი დიასახლისი, ოჯახს ჩემი მომზადებული სადილ-დესერტით ვემსახურები დღემდე. სიყვარული ყველაფერს კარგ გემოს აძლევს. ფაზლების აწყობის პრინციპებით ვცხოვრობდი, მგონი შევქმენი, რაც მინდოდა”, – აღნიშნავს ლია.
საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და აუცილებელია ბევრი სიყვარული გასცე.
“ფარიც მჭერია და ხმალიც. მტერიც მყოლია და მოყვარეც. ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა – გული ისეთი პატარაა, ცუდს ადგილი ვერ დავუთმე, სიყვარული გავეცი უშურველად, უანგაროდ და სამყარომ სიყვარულის საბურველში მაცხოვრა. ჩემი თავდადებული შრომა დამიფასეს ოჯახმა, შვილებმა, შვილიშვილებმა, მეგობრებმა, საზოგადოებამ, სამსახურებმა. ჯერ კიდევ შემიძლია ვაკეთო სარგო საქმე. მინდა ჩემი სახე დავტოვო შვილთაშვილის აღზრდაში, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია.”