ადამიანები ისტორიები

მასწავლებელმა მოსწავლის ცხოვრებით უნდა იცხოვრო – ზვიად გოგუაძის ისტორია

ზვიად გოგუაძე 7 წელია, რაც ხაშურის რესურცენტრს ხლმძღვანელობს. ის პროფესიით იურისტია, თუმცა 11 წელია რაც საგანმანათებლო სფეროშია. კითხვაზე თუ სად იქნებოდა, რომ არა განათლების სფეროში, ასეთი პასუხი აქვს, – იურიდიულ სფეროში და შესაძლოა, არც ისე ცუდი მსახიობი ან ჟურნალისტი ვყოფილიყავიო. 

ამჟამად, ზვიადი სკოლაში სამოქალაქო განათლებასაც ასწავლის. ამბობს რომ ბევრი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ისეთი მასწავლებელი ყოფილიყო, როგორიც თავად სურდა.

“ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა. იყო პედაგოგი, ნიშნავს იცხოვრო იმდენი მოსწავლის ცხოვრებით, რამდენის მიმართაც იკისრე მასწავლებლის პასუხისმგებლობა. განიცადო იმდენი სიხარული და იმედგაცრუება რამდენი მოსწავლეც გყავს. მთავარია არ შეუშინდე გამოწვევებს და ყველა გამოწვევა აქციო ძლიერ მხარედ”.

ფიქრობს, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობაში ჰუმანური ღირებულებების ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი აზრით, კარგი მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლის, როგორც პიროვლენის განვითარებაზე, გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. 

“დღევანდელი თაობა კრიტიკულად მოაზროვნეა და გადაწყვეტილებებს თავისუფალი არჩევანით იღებს. ვიღაცებს შეიძლება, ეს არ მოსწონდეს და ხშირად მოისმენთ თაობის კრიტიკას, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ან არ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულებები, გამოხატვის განსხვავებული ფორმები და კრიტიკული შეხედულებები”.

ზვიადი ამბობს, რომ საგანმანათლებლო პროცესების მიღმა, საკუთარი პირადი სამყაროც გააჩნია, სადაც წიგნებს კითხულობს, პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობს, ვარჯიშობს ან დიდხანს სეირნობს.

“ველოსიპედით სეირნობა მიყვარს. როცა შესაძლებლობა მაქვს, ვცურავ კიდეც. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე რელიგიას – ბევრი წელია ვარ ეკლესიის მედავითნე და მგალობელი, რითაც უდიდეს ენერგიას ვიღებ. ენერგიას მაძლევენ წიგნებიც. კითხვას იმდენ დროს ვუთმობ, რომ თვეში 5-7 წიგნის წაკითხვას ვახერხებ”, – გვიყვება ზვიადი.

განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები, ჰყავს შინაურო ცხოველი რეი.

“მყავს ოჯახის წევრი – რეი, რომელიც გრძნობს სამსახურის დასრულების დროს და საღამოს 6 საათის შემდეგ მელოდება სახლის შესასვლელთან. დაგვიანების შემთხვევაში კი, ბრუტალური ხდება”.

ზვიად გოგუაძე არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, ხაშურს გენდერული საბჭოს განათლების მიმართულებით ხელმძღვანელი და ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.