ადამიანები ისტორიები

21 წლის მხატვარი და ხატმწერი ხაშურიდან – მარიამ ქართველიშვილი

“უფრო მეტად ხატვა მაშინ მინდება, როდესაც ბევრი უარყოფითი ემოცია მიგროვდება”, – გვეუბნება 21 წლის მხატვარი მარიამ ქართველიშვილი, რომელიც თითქმის 7 წელია მხატვრობით არის გატაცებული და ამ წლების განმავლობაში შექმნილი აქვს, როგორც საავტორო ნამუშევრები ისე ცნობილი მხატვრების რეპროდუქცია.

მარიამი 21 წლისაა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება სახელმწიფო უნივერიტეტში. ის ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ტილოზე მუშაობა 14 წლიდან დაიწყო, როდესაც აკრილის საღებავები აჩუქეს. პირველი ნახატი ვანგოგის “მთვარიანი ღამე” იყო.

“თვითნასწავლი ვარ, ახლა ვცდილობ ჩემი სტილი ჩამოვიყალიბო, ჩემი განცდები გადმოვიტანო და ასეთი ნამუშევრები შევქმნა. როდესაც ხატვა დავიწყე, მშობლებმა ხატწერაზე მიმიყვანეს. ხატწერა უფრო შეზღუდულია, შენი ინიციატივით ვერ გააკეთებ ვერაფერს, ჩარჩოებში ხარ მოქცეული. ფერწერა ჩემი სურვილით ხდება, ორივე საინტერესოა ძალიან”, – ამბობს მარიმი.

მხატვარსა და ხატმწერს სამუშაო სივრცე ოთახის კუთხეში აქვს მოწყობილი. მოლბერტთან დევს სხვადასხვა ფერის საღებავები და ფუნჯები, ხატვის პროცესში ნივთები ყოველთვის უწესრიგოდაა, ამბობს, რომ ეს გარემო შემოქმდებითად ეხმარება.

“ხატვის პროცესში ყველაფერი არეულია იქამდე, ვიდრე ნახატს დავასრულებ. როდესაც ვამთავრებ, მხოლოდ მაშინ ვალაგებ, რომ ახალი ნამუშევრისთვის მოვემზადო. მუშაობის პროცესს ხშირად ვიღებ და ვიდეორგოლს ვაკეთებ, ვისაც ჩემი შემოქმედება აინტერესებს, იმათ შიდა სამზარეულოსაც ვუზიარებ”, – ამბობს მარიამი.

მარიამი ყველაზე ხშირად პეიზაჟებს და პორტრეტებს ხატავს. ამბობს, რომ ლამაზი სახლების და ბუნების ხატვა ყველაზე ძალიან მოწონს.

“უფრო მეტად ხატვა მაშინ მინდება, როდესაც ბევრი უარყოფითი ემოციები მიგროვდება. ამ დროს მინდა ეს ყველაფერი ნახატში გადმოვიტანო, ამის შემდეგ უფრო დაცლილად ვგრძნობ თავს და როდესაც ვრჩები, მაშინვე ახალი ნამუშვრის დაწყება არ შემიძლია, სანამ ახლიდან არ დავიმუხტები. არის რამოდენიმე ნამუშევარი რომელიც ვერ დავასრულე, არ ვიცი რატომ …”

მარიამი თითო ნამუშევარზე დღე – ღამეში 6 საათს მუშაობს და ძირითადად, 3-4 დღეში უკვე შედეგი აქვს. ამბობს, რომ ღამე მუშაობა ურჩევნია, რადგან სიმშვიდეა და ხელს არავინ უშლის. აქვს ნამუშევრები, რომელსაც არასოდეს გაასხვისებს.

“არის რამოდენიმე ნამუშევარ რომელსაც არ გავასხვისებ, ეს არის თამარ მეფის და შოთა რუსთაველის პორტრეტები, რომლებიც ჩემი საფირმო ნახატებია და ძალიან მეძვირფასება. ერთად მაქვს დაკიდებული და ვერასოდეს შეველევი. ვწერ ასევე ხატებს, მაქვს დაწერილი მაცხოვრის ხატი, რომელიც ეკლესიაშია დაბრძანებული”, – ამბობს მარიამი.

მარიამი ნამუშევარს პირველად ოჯახის წევრებს აჩვენებს ხოლმე და მათგან იღებს შეფასებებს. როგორც გვეუბნება, ყველაზე კრიტიკული მამაა. საკუთარი ქალაქის პეიზაჟი არ შეუქნია და სამომავლოდ აპირებს ამ იდეაზე იმუშაოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.