გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს ბლის მოსავალი გაუფუჭდათ. მათი თქმით, წვიმებმა მოსავალი იმდენად დააზიანა, რომ რეალიზაციას ვერ ახდენენ. წვიმიანი ამინდების გამო, მოსახლეობა ვერც ხვნა-თესვას ახერხებს.
“წვიმებზე ბალი სულ დასკდა. ხომ არ არის რაიმე წვენის ქარხანა ან რა ვიცი რამე, რომ ასეთი დახეთქილი ბალი ჩავაბარო და არ გადავყარო ამდენი ბალი?”.
“რა ქნას ხალხმა? რაა ეს წვიმები, აღარ გაჩერდა?! გაოხრდა ყველაფერი, ზოგი დათესვას ვერ ასწრებს”, – ამბობენ მოქალაქეები.
გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი რაოდენობით ბალი სოფელ სკრაში მოდის. ადგილობრივების თქმით, წვიმებმა მოსავალი იმდენად დააზიანა, რომ იძულებულნი არიან გადაყარონ.
“ან უნდა გადავყაროთ, ან საარაყედ გამოვიყენოთ. ბალი ისეთი ხილია, რომ მალე ფუჭდება და დამსკდარია წვიმისგან, დიდხანს ვერც გავაჩერებთ, რომ სადმე ჩავაბაროთ”, – ამბობენ ადგილობრივები.
მერის წარმომადგენელი, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ილია ოქროშიაშვილი ამბობს, რომ ფერმერებისთვის ზარალის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მათ მოსავალი დაზღვეული აქვთ და სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
“თუ სტიქია გააფუჭებს, მაშინ შეუძლია მთავრობას, რომ აუნაზღაუროს, მაგრამ ბალი ისეთი რაღაცაა, როცა იწვიმებს და მერე მზე გამოვა, სკდება და დახეთქილია. თითქმის, ნახევარი უკვე განადგურებულია. სამწუხაროდ, არ არსებობს შესაბამისი ქარხანაც, რომ ასეთი ბლის ჩაბარება შეეძლოთ. ბალი ისედაც მალფუჭებადი ხილია და რომ დასკდება, საღამომდე უკვე გაფუჭებულია და იმას აღარავინ ჩაიბარებს”, – გვითხრა ილია ოქროშიაშვილმა.