ავტორი: სოფო ასკილაშვილი
“ქორდის მეზობლად, თითქმის ყველა სოფელში ინტერნეტია, თუმცა ჩვენს სოფელში ინტერნეტის შემოყვანა ჯერ გეგმაშიც არ აქვთ”, – ამბობენ საკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების დიდ ნაწილს ინტერნეტის გარეშე სწავლის პროცესში ხელი ეშლება.
“დიდ პრობლემას გვიქმნის ჩვენი ხარჯებით დაყენებული ინტერნეტი, რომელიც ხან ისე ჭედავს, რომ სულაც გვაგდებს პროგრამიდან. ამის გამო, ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს ონლაინ ტრენინგზე ან ლექციაზე ჩართვას, მათ შორის მეც. ხარვეზების გამო, ბევრჯერ გამოვუგდივარ სწავლის პროცესში ინტერნეტს. უკეთესი იქნება, თუ შემოიყვანენ გამართულ, კაბელურ ინტერნეტს, რომელიც პრობლემას აღარ შეგვიქმნის”, – ამბობს ანნა ჯალაბაძე.
სოფელში ადგილობრივებს უწევთ ინტერნეტის პრობლემა საკუთარი ძალებით მოაგვარონ და სიხშირეს სხვადსხვა კერძო დეველოპერებისგან ყიდულობენ.
“ინტერნეტი, რომელიც სოფელს მოეწოდება ,,skytel”, ძალიან დიდი ხარვეზითაა, ხშირად ითიშება. ზოგჯერ ისეცაა, რომ მთელი დღე არაა. ამ ხარვეზის გამო, ხშირად ვერ დავსწრებივარ ლექციას. ზოგჯერ ისეც იყო, რომ გამოცდის მომენტში გამთვიშია”, – ამბობს ანა ჯალაბაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეზობელ სოფლებში უკვე წლებია “მაგთის” ინტერნეტით სარგებლობენ.