გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია ოფიციალურად 9 ივნისს გამოცხადდა. უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაცია 3 ეტაპად განხორციელდება. მერიაში არ იციან შემცირდება თუ არა შტატების რაოდენობა რეორგანიზაციის შემდეგ.
“დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს რეორგანიზაციის პირველი – დაგეგმვის ეტაპი. შესაბამისად, არ
არის დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხა ან/და სამსახურების გაერთიანების/გაყოფის/ლიკვიდაციის
საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; არ გაგვაჩნია ინფორმაცია კადრების რაოდენობის
შემცირებისა და რეორგანიზაციის ფისკალური შედეგების შესახებ”, – განმარტავს უწყება.
როგორც ცნობილია, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი არაუგვიანეს 9 ივლისამდე დასრულდება. შემდეგ კი, დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებას და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავებას.