კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის მეუღლე ხათუნა ვარდოსანიძე დასაქმდა კომპანიაში “საქრუსენერგო”, რომლის აქციების 50%-იანი წილის მფლობელი არის „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»).
ვარდოსანიძე აღნიშნულ კომპანიაში კოორდინატორის პოზიციას იკავებს, რისთვისაც სახელფასო სარგოს სახით, ერთ წელში მას 33 000 ლარი ჩაერიცხა.
როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ირკვევა, „საქრუსენერგოს“ აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“ – ПАО «ФСК ЕЭС», რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.
აღსანიშნავია, რომ ვარდოსანიძემ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვახტანგ მაისურაძე კასპის მუნიციპალიტეტის მერი გახდა.
როგორც ცნობილია, სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგო“ 1996 წლის 27 მაისს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ – РАО «ЕЭС Россия»-ს – შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე.