მუსიკა, სამსახიობო კარიერა და მხატვრობა ახლგაზრდა ხელოვანის გიორგი სუხიაშვილის ყოველდღიურობაა. ის ხაშურში დაიბადა და გაიზარდა. ბევრი ფიქრის და შემოთავაზების მიუხედავად, მან მშობლიური ქალაქი არ დატოვა. წლებია, გიორგი საკუთარ ბენდში უკრავს, მუშაობს თოჯინების თეატრში მეთოჯინედ და პერიოდულად ადგილობრივებისთვის საკუთარი ნახატების გამოფენასაც აწყობს.
“4 წლის ასაკში მშობლებმა სასწავლებლად მიმიყვანეს სტუდიაში, სადაც ვსწავლობდი სიმღერას, ცეკვას, თეატრალურ ხელოვნებას. ფაქტობრივად ამ გარემოში გავიზარდე. პირველად ადგილობრივი ბენდი “Spam Jam” -ის დაინტერესდა ჩემით და შემომთავაზეს ვოკალისტად დამეწყო მათთან მუშაობა. შემდეგ სპექტაკლებში მცირე როლები მომცეს, ასე მოვხვდი ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროში. გარდა იმისა, რომ მსახიობი ვარ, ვამზადებ თოჯინებსაც. ორი სპექტაკლის გმირები შევქმენით, ყველა თაგუნას უყვარს ყველი და სახურავის ბინადარი კარლსონი”, – ამბობს გიორგი.
გიორგი შაბათ-კვირას ბენდთან ერთად ერთ-ერთ დაწესებულებაში უკრავს, ამბობს, რომ შრომა დამღლელია.
“ზოგჯერ მიკვირს საკუთარი თავის, დროს როგორ ვანაწილებ, მაგრამ ვახერხებ, ზოჯერ უძილობის ხარჯზე, რადგან თუ საქმე მაქვს, ღამეებს ვათენებ. საქმემ ასე იცის შეყოლა, ვერაფერს ვეღარ გრძნობ. განსაკუთრებით ეს მუსიკას ეხება. ერთ საღამოზე 25-მდე სიმღერა შემისრულებია. აი, უკვე რომ გრძნობ, რომ შეიძლება გული წაგივიდეს, მაგრამ მაინც ფეხზე დგახარ, რაღაცა ძალით”, – გვიყვება გიორგი.
ხაშურში გიორგის თითქმის ყველა იცნობს. ბავშვებმა იციან, რომ სპექტაკლზე მათი საყვარელი პერსონაჟის უკან ის დგას. გიორგის ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მოწონს და მათ შეფასებებს მთელი სერიოზულობით ეკიდება.
“ვერაფერს გამოაპარებ ბავშვებს. როდესაც დეკორაციებს ვქმნით და ვემზადებით მათთან გასასვლელად, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ, რომ ის დრო, რასაც სპექტაკლზე დაყოფენ, იყოს ჯადოსნური. წარმოდგენის ბოლოს აუცილებლად ვხვდები მათ და ვეკითხები, რა მოეწონათ ან რის გამოსწორებას ისურვებდნენ. მათგან ვიღებ ყველაზე გულწრფელ შეფასებას და რეკომენდაციას”, – ამბობს გიორგი.
ოთხი წელია, რაც გიორგიმ ხატვა დაიწყო. ხატავს პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს. ამბობს, რომ ამ გზით საკუთარი ფიქრები, გრძნობები და ემოციები გადმოაქვს ტილოზე.
“მხატვრისთვის დროს არ არსებობს, როდის დახატავს. ეს მთელი პროცესია, ჩეთვის ცხოვრებაა, კომუნიკაციის წყაროა საზოგადოებასთან. ქუჩაში სეირნობის დროსაც კი ვფიქრობ, ვუყურებ ადამიანებს, ხეებს, სახლებს და საკუთარ თავში კონტურებს ვხატავ. ვცდილობ, სადაც მივდივარ, რაიმე კადრები ჩავიმახსოვრო ჩემს მეხსიერებაში და წამოვიღო, შემდეგ გადამაქვს ჩემს ნამუშევრებში”, – ამბოს ის.
გიორგი სამომომავლდაც გააგრძელებს თავის საქმიანობას. სურს, რომ როგორც მუსიკაში, ასევე მხატვრობაში მისი შემოქმედება კიდევ უფრო დაიხვეწოს და მეტი ადამიანი დააინტერესოს.