ანალიტიკა / გამოძიება

სად წავიდა ქარელის “ამხანაგობის” მიერ აგროვებული ფული და რატომაა კორპუსი ისევ სარემონტო?

ქარელში, თამარ მეფის N60-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივებმა თანხა ააგროვეს – როგორც ისინი “მოზაიკას” ეუბნებიან, თითოეულმა ოჯახმა 136-136 ლარი ერთი წლის წინ შეაგროვა. მათი გაანგარიშებით, ჯამში 7 300 ლარამდე შეგროვდა, თუმცა კორპუსი დღემდე სარეაბილიტაციოა. 

ადგილზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები დღეს “მოზაიკამ” გადაიღო. 

“უკვე 1 წელია, რაც ფული შეგროვდა და მას შემდეგ ველოდებით რომ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები ან დაგვიბრუნონ ჩვენს მიერ გადახდილი თანხა. რამდენიმე ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა ამბობენ, რომ არავინ იღებს მონაწილეობასო. უკან დაბრუნება რომ მოვითხოვოთ, არ გვაქვს იმედი, რომ სრულად დაგვიბრუნებენ”, – გვიითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც კორპუსის ამხანაგობის წევრია.

რაც შეეხება თავად ამხანაგობის თავმჯდომარეს, ის ამბობს, რომ შეგროვებული თანხა საბანკო ანგარიშზე ინახება და ის იმ კომპანიას გადაერიცხება, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკუთარ თავზე აიღებს.

“რამე უნდა ვქნათ, რომ ეს სადარბაზოები გარემონტდეს, საპირფარეშოდ არის ქცეული, სტუმარი ვერ მოგვიყვანია. აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს. ჩვენ და მერია ერთობლივი ძალებით ვმოქმედებთ”, – გვითხრა ლიანა მარღიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამ კორპუსის სარეაბილიტაციოდ, ქარელის მერიამ ივნისში გამოაცხადა, თუმცა შემსრულებელი კომპანია ვერც ამჯერად მოიძებნა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორპუსის სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ხელისუფლება 10-ჯერ მეტი თანხის დახარჯვას აპირებს, ვიდრე ამხანაგობამ ააგროვა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 5-სართულიანი კორპუსის, 4 სადარბაზოს სარეაბილიტაციოდ 70 000 ლარამდე თანხის დარაჯვა იგეგმება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.