ადამიანები ისტორიები

დეკორატორი ქარელიდან – ეთო მეტრეველის ისტორია

ადამიანები განსაკუთრებული თარიღების აღნიშვნას ყვეელაზე მეტ ყურადღებას აქცევენ. ჯვრისწერა, ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე – ეს ის დღესასწაულებია, რომელიც უნდათ, რომ ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი იყოს.

სადღესასწაულო დეკორაციების მოწყობას, რომ ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, ამაზე ქარელში მცხოვრები არტ – დეკორატორი ეთო მეტრეველი  გვესაუბრა.

“პასუხისმგებლობას როდესაც ვიღებ, არ მძინავს ხოლმე, სულ ვფიქრობ დეტალებზე. რა გავაკეთო, როგორ მოუხდება, რა მაქვს შესაძენი, ნებისმიერ დეტალს ვაკვირდები, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს. დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავ წინამოსამზადებელ პერიოდზე. არ მიყვარს გამზადებული აქსესუარების ყიდვა. მირჩევია მე შევქმნა. ეს ჩემს ხასიათს და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს”, – გვიყვება ეთო.

ეთომ სადღესასწაულო დეკორაციების დამზადება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ვიდრე შეკვეთებზე იმუშავებდა, დეკორაციებს შვილების დაბადების დღეებისთვის ქმნიდა.

“ჩვენს ქარელში ნაკლებად არის ხელმისაწვდომი მსგავსი სერვისი. მე რომ მჭირდებოდა ბავშვების დაბადების დღის გაფორმება, არავინ იყო. ამიტომ ჯერ შვილების დღესასწაულები გავალამაზე, შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოები დავდე და ასე გაჩნდა ჩემი ნამუშევრების მიმართ ინტერესი. შვილები მცირეწლოვნები არიან და ვერ ვახერხებ ისეთ სამსახურში მუშაობას, სადაც დილიდან საღამომდე მომიწევს ყოფნა. ამ საქმეში კი, პრაქტიკულად ვიპოვე ჩემი თავი”, – აბობს ეთო.

ეთო ხელნაკეთი დეკორაციები სახლის ერთ პატარა ოთახში იქმნება, რომელიც სამომავლოდ ბავშვების ოთახად აქვს შეგულებული.

“ეს ოთახი სამომავლოდ ბავშვებისთვის უნდა მოვაწყო. მანამდე კი, ჩემს ნამუშევრებს ვინახავ. უამრავი დეტალია, რომელიც თვალს შეიძლება მოეფაროს. ამიტომ ცალკე სივრცე სჭირდება”.

ეთოსთვის ოთახში ყველაზე საჭირო ნივთი საკერავი მანქანაა, რომელთანაც დიდ დროს ატარებს.

“ბრაზობენ ჩემი შვილები, თუ საკეერავ მანქანასთან მიმჯდარს მხედავენ, ხვდებიან, რომ სამუშაო ბევრი მაქვს და ეს მათთვის, როგორც ბავშვებისთვის, არასასიამოვნო პროცესია”.

ეთო ფიქრობს, რომ დეკორაციების დამზადება ყველა ადამიანს შეუძლია. მთავარია ამის სურვილი და დრო ჰქონდეთ

“ვფიქრობ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მარტივი დეკორაციების დამზადება, თუნდაც ყოველდღიურობისთვის. ჩემთვის ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაზე ბევრი ფერი კი ცისარტყელას აქვს. ამიტომ შეგვიძლია მრგვალ სილუეტზე, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი წული მივამაგროთ წებოს საშუალებით, რაც უკვე დეკორაცია”, – ამბობს ის.

ეთოს დეკორაციების შექმნაში მეუღლე ეხმარება. საქმის შესამსუბუქებლად, მას საკუთარ თავზე აქვს აღებული ნივთების შეღებვა, დაწებება და დანიშნულების ადგილამდე მძიმე ნივთების გადატანა.

“მახსოვს, ერთხელ ხელნაკეთი ფარდა უნდა გამეკეთებინა, რომელიც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვდა. შესაღები მქონდა 500 ყავის აპარატის ფილტრის ქაღალდი, სხვადასხვა ფერით. როგორც მე ვმუშაობდი, ისე ჩემი მეუღლე, დროში ვიყავით შეზღუდულები და უნდა მოგვესწრო. მაქსიმალურად ჩემ გვერდითაა. როდესაც შეკვეთაზე ვარ გასასვლელი, ბავშვებთან ის რჩება და ასე ვმონაცვლეობთ”.

ეთო მეტრეველი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამ სპეციალობით არ უმუშავია. თვლის, რომ დეკორაციების შექმნა მისთვის ცალკე პროფესიაა, რომლის შესწავლას, ტექნიკის დახვეწას მომავალშიც გააგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.