ანალიტიკა / გამოძიება

ქარელის ტურისტული ცენტრი, რომლის აშენებაზე 40 000-მდე ლარი დაიხარჯა, ისევ არ ფუნქციონირებს

რატომ არ ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქარელში? – ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს. ოპოზიციის თქმით, შენობა უკვე ორი წელია უფუნქციოა.

ენმ -ის წევრი ქარელის საკრებულოში, მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, რომ შენობის გახსნა კოვიდპანდემიის დაწყებამდე იყო დაგეგმილი.

“ეს საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე უნდა გახსნილიყო. შემდეგ პანდემია დაიწო და მას დააბრალეს. პანდემია დასრულდა, შენობა კი დღემდე უფუნქციოდ დგას”, – გვითხრა მარიამ ქელეხსაშვილმა.

პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, ვასიკო ბაქრაძე ამბობს, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სამი ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე შენობა დაკეტილია და ტურისტული სეზონის დაწყების მიუხედავად, აღნიშნული შენობა მის ფუნქციას ვერ ასრულებს.

“როგორც ჩემთვის ცნობილია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში იგეგმებოდა სამი ადამიანის დასაქმება. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პროცედურები შეჩერდა. პანდემია დასრულდა ნელ-ნელა, ყველაფერი მუშაობას იწყებს. ტურისტული სეზონი ახლა არის, საინფორმაციო ცენტრი კი არ ფუნქციონირებს ქარელში”, – ამბობს ბაქრაძე.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, “მოზაიკა” ქარელის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ შენობის ასაშენებლად 37 983 ლარი დაიხარჯა და მისი გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება,

“მოზაიკა” აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი ეგნატაშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში თანამშრომელთა შესარჩევად ვაკანსიები გამოცხადდება.

“ამ ეტაპზე ველოდებით ვაკანსიებზე განაცხადებს რომ შევარჩიოთ თანამშრომლები. შენობა ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი, პანდემიის დროს გზამკვლევებიც კი დავბეჭდეთ, სადაც ტურისტული მიმართულებები სრულყოფილადაა მოცემული. კადრების შერჩევა მოხდება და ვფიქრობთ, რომ ივლისის დასაწყისში უკვე გაიხსნება”, – განაცხადა გიორგი ეგნატაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის მერიას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 15 200 ლარი აქვთ გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.