ბაქარ გიუნაშვილი მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორად თამარ აფციაურის ნაცვლად დაინიშნა.
ბაქარ გიუნაშვილი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია 2015 წლიდან. მან საჯარო სამსახურში მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, ამავე წელს გახდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც.
გიუნაშვილი ბოლო დრომდე ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მართვის სააგენტოში მუშაობდა შესყიდვების მიმართულებით.
- 2011 წელს დაამთავრა გორის N3 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2015 წელს და მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი.
- 2012-2015 წლებში იყო სადისტრიბუციო კომპანია შპს „ჯორჯიან ფუდ ლაინის“ დირექტორი.
- 2015 წელს სტაჟირება გაიარა ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში – პოლიტიკის განყოფილებაში.
აღსანიშნავია, რომ გიუნაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისი წინამორბედის – თამარ აფციაურისგან განსხვავებით, რომელმაც მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტოში წლების განმავლობაში იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე.
მის გათავისუფლებას ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, აფციაურმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, მის ნაცვლად კი, “ქართული ოცნების” აქტივისტი ბაქარ გიუნაშვილი დაინიშნა.