გორის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან მურადაშვილი იქნება. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.
“ერთხმად დამიჭირეს საბჭოს წევრებმა მხარი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მაქვს გეგმები და იდეები, თუ როგორ უნდა გავხადო ეს საბჭო მეტად აქტიური. მინდა, რომ მოქალაქეების აზრი და ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვაპირებ ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად ვიმუშაო”, – გვითხრა მურადაშვილმა.
დარეჯან მურადაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” გორის ფილიალის ხელმძღვანელი. წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა სექტორებს შორის თანამშრომლობით, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში.
რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოში მის საქმიანობა, დებულების თანახმად, მისი ვალდებულებაა:
- ა) მოიწვიოს და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
- ბ) ხელი მოაწეროს საბჭოს ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს;
- გ) უზრუნველყოს საბჭოს გადაწყვეტილების მერთან წარდგენა;
- დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
- ე) ისარგებლოს ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის.
მთლიანობაში კი, მრჩეველთა საბჭოს მიზანია:
- ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა;
- ბ) გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მერს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა;
- გ) მერის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- დ) მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.