ანალიტიკა / გამოძიება

გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, რომლის მერმაც რეორგანიზაცია დაიწყო

გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია შიდა ქართლში, სადაც მერიის რეორგანიზაცია დაიწყო.

“მოზაიკა” ესაუბრა კასპის, ქარელის და ხაშურის მერის წარმომადგენლებს და სამივე მათგანის თქმით, აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერები რეორგანიზაციას არ გეგმავენ.

სამაგიეროდ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 9 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც გორის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო.

ბრძანების გამოცემიდან მალევე, შეიცვალა მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი. მერიაში კი, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა. ასევე “მოზაიკასთვის” ცნობილია, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ აუდიტის სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც.

უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებსაც ელოდებიან.

რადიო “მოზაიკამ” შეადარა, ბიუჯეტის რა ნაწილს ხარჯავს თითოეული მუნიციპალიტეტი სახელფასო ფონდზე – აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდ წილს (14%) ქარელის მერია ხარჯავს, ხოლო ყველაზე ნაკლებს (10%) გორის მერია.

კონკრეტულად რა შედეგს მოუტანს დაწყებული რეორგანიზაცია გორის მუნიციპალიტეტს, უცნობია, თუმცა ცნობილია მისი ეტაპები და მიზანი.

“რეორგანიზაცია ტარდება სისტემური ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით”, – ვკითხულობთ ხინჩეგაშვილის ბრძანებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაცია 3 ეტაპს მოიცავს:

  • 1. რეორგანიზაციის დაგეგმვა;
  • 2. რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივია აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება;
  • 3. რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.

მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა მერს უკვე სთხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.