ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელენე ნოზაძემ სოფელ დუმაცხოვის გზის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
ნოზაძის განცხადებით, მერიამ აღნიშნული პროექტი დასრულებულად გამოაცხადა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს პროექტი დასრულებულად ვერ ჩაითვლება, რადგან გზას არ აქვს გაკეთებული სანიაღვრე არხები, რაც დიდ პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობას. გადათხრილია სანიაღვრე არხების ადგილები. მოსახლეობამ რომ თავიანთ სახნავ-სათეს მიწებში ტრაქტორი ან კომბაინი მიიყვანოს გზა არ არის.ის პროექტები რომლებიც ჩვენი და ხალხის ფულით კეთდება ბოლომდე უნდა იყოს დასრულებული”, – აღნიშნა ელენე ნოზაძემ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გამრეკელის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი, სანიაღვრე არხის მოწყობას არ ითვალისწინებდა.
“გზის პროექტი რომელიც ამ სოფელში განხორციელდა არ ითვალისწინებდა სანიაღვრე არხების მოწყობას, ამიტომ ჩვენ სანიაღვრე არხების და გადასასვლელ ხიდებს ცალკე გავაკეთებთ. მასალა უკვე მიტანილია და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, ჩვენ ეს ხალხი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია”, განაცხადა გამრეკელმა.