„ფერმერებს მიწის რეგისტრაციაზე მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ”, – ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თამარ დიასამიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გაცემულ 300-ლარიან სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერს გლეხები ვერ იღებენ,
“ამის მიზეზი ის არის, რომ მიწები არ აქვთ დარეგისტრირებული, ამიტომ, ფერმერებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მიწის რეგისტრაციის შესახებ”, – განაცხადა დიასამიძემ.
დიასამიძეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გია კუთხაშვილმა უპასუხა.
“ჩვენი მხრიდან მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული. გლეხი თვითონ არ არის მონდომებული, რომ მიწა დაარეგისტრიროს. ბევრი მაგალითი გვქონია, ჩავსულვართ სოფელში დაგვირეკავს გლეხისთვის ამ საკითხზე და გლეხს უპასუხია დღეს არ მცალიაო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. სხვების მიწებს ჩვენ ვერ გავაფორმებთ. ფერმერი თვითონ თუ არ მივიდა საჯარო რეესტრში”, – განაცხადა გია კუთხაშვილმა.
ამავე პრობლემაზე ისაუბრეს საკრებულოს დანარჩენმა წევრებმაც. მათი თქმით, მაგალითად, ბრეთის მეურნეობაში ფერმერებს მიწების 30% კვლავ დაურეგისტრირებელი აქვთ.