ახალი ამბები

„ფერმერები ქარელის მუნიციპალიტეტში მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან”

„ფერმერები ქარელის მუნიციპალიტეტში მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან”, – პარტია ” საქართველოსთვის” წევრმა ვასილ ბაქრაძემ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერების შესახებ ისაუბრა.

“პანდემიის მდგომარეობის გამო გაძვირებულია თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო მოხმარების პროდუქცია, რაც საბოლოდ დიდ დარტყმას აყენებს ფერმერს და უმეტეს შემთხვევაში იწვევს მის გაკოტრებას. ბევრ ფერმერს გაჭირვების გამო, საკუთარი სახლები აქვთ ჩადებული ბანკებში. მათ მეტი გამოსავალი რომ აღარ აქვთ, მიდიან ემიგრაციაში სამუშაოდ. გამოვდივარ ინიციატივით, რომ მოვიწვიოთ ეს ფერმერები საკრებულოში და მათთან ერთად ვიმსჯელოთ მოგვარების გზებზე”, – განაცხადა ვასილ ბაქრაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ ბაქრაძის ინიციატივას უპასუხა. შუბითიძის თქმით, ფერმერებს ყურადღება არ აკლიათ.

“ფერმერებს მსგავსი განაცხადით ჩვენთვის არ მოუმართავთ და არ ვთვლი საჭიროდ რომ ისინი აქ ჩემი ინიციატივით მოვიწვიო. მით უმეტეს, რომ ჩვენი მხრიდან მათ ყურადღება არ აკლიათ. ვფიქრობ, რომ ეს არის პირადი პიარისთვის წამოწეული თემა”, – განაცხადა შუბითიძემ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები პირადად ეცნობიან ფერმერების საჭიროებებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი