ავტორი: მარი მარჯანიძე
ვისაც ხელსაქმე კარგად გამოსდის და საკუთარი შემოსავალი უნდა, არ გაუჭირდება საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს იმის უნარი რაიმე ღირებული საკუთარი ხელით შექმნას. ამისთვის მონდომებაა საჭირო. გამიხარდება, თუ ჩემი გამოცდილება თუნდაც ერთი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდება და თავისი შრომით მიღებული თანხით მცირე პრობლემებს მაინც მოიგვარებს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ამბავი მოგიყვეთ.
28 წლის ვარ, დაოჯახებული, მყავს ორი შვილი და მესამეს ველოდებით. ბევრი საჭიროება გვაქვს ოჯახს. ამიტომ გადავწყვიტე, მეც რამენაირად მიმეღო მონაწილეობა ფინანსურ საკითხებში და საკუთარი შემოსავალიც მქონოდა, სხვადასხვა ვაკანსიაზე განაცხდსაც ვავსებდი ხოლმე, მაგრამ უშედეგოდ გადავწყვიტე სხვისი დასაქმების იმედად არ ვყოფილიყავი და საკუთარი ბიზნესი წამომეწყო.
ბევრი იდეა მქონდა, თუმცა ფინანსები არ მიწყობდა ხელს რომელიმეს განხორციელებაში. ამიტომ ჩემი საყვარელი ხელსაქმე გავიხსენე.
ქსოვა ბავშვობაში ვისწავლე, დედამ შემაყვარა. შემდეგ ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების საშუალებით, გავაღრმავე ჩემი უნარები. ვისწავლე ჩანთების, სათავსოების, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის მოქსოვა.
მცირე ბიზნესის დასაწყებად, მხოლოდ ფერადი, სხვადასხვა სისქის ძაფების შეძენა დამჭირდა. დღის განმავლობაში, საოჯახო საქმეებით დაკავებულს, ღამე მიწევდა ნივთების მოქსოვა, თუმცა ისეთი მონდომებით ვაკეთებდი ნამუშევრებს, ყველა ძალიან ლამაზი გამოდიოდა.
პირველი ნამუშევრები მეგობრების დახმარებით გავყიდე. რეალიზების პროცესში კი, მივხვდი უფრო მეტად რა მოსწონდათ მომხმარებლებს და დავიწყე მეტად მოთხოვნადი ნივთების მოქსოვა. რამდენიმე ნამუშევრის დამზადების შემდეგ გავაკეთე, ფეისბუქ გვერდი ,,მარსია’ს ხელით ნაქსოვი ნივთები“ და გასაყიდი ნივთების ფოტოები იქ განვათავსე.
ძალიან მოსწონთ ადამიანებს ჩემი მოქსოვილი ორიგინალური, კოსმეტიკის ჩასალაგებელი სხვადასხვა ზომის სათავსოები, ბავშვის საძილე და სასეირნო კალათები, დეკორაციით გაფორმებული სამოსი, აპლიკაციებით გაფორმებული ნაქსოვი ჩანთები. იმდენი მყიდველი გამოჩნდა, შემეშინდა კიდეც – მეგონა ვერ შევძლებდი, რომ ყველას მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა.
ჩემი მონდომებით და ოჯახის ხელშეწყობით, შევძელი და ახლა ბიზნესის გაფართოებასაც ვგეგმავ, მინდა ხის ლაზერის დანადგარი შევიძინო, რომ ჩემი ხელით დავამზადო ნივთებისთვის საჭირო მასალებიც, რათა ზედმეტი თანხა აღარ დავხარჯო მზა მასალის შეძენაში.
ვინც ჩემსავით დაიწყებთ მუშაობას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველანაირი ხასიათის მომხმარებელთან მოგიწევთ კომუნიკაცია – ზოგიერთი ძალიან პრეტენზიულია, შესაძლოა ფოტოზე განთავსებული ნივთის ფერი ზუსტად იდენტური არ აღმოჩნდეს რეალურთან და ამის გამო, აგრესიაც გამოხატოს ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.
თუმცა მგონია, რომ ჩემი ამბავი ერთ-ერთია იმ ბევრი სამაგალითო ისტორიიდან, როცა ადამიანებმა რაღაც ძალიან მოინდომეს, სწორად დაგეგმეს, არ დაიზარეს და დღეს უკვე შედეგებსა და ახალ მიზნებზე საუბრობენ.