ბლოგები

ახდენილი ოცნება – FLEX-ის ფინალისტობა და 1 წელი ამერიკაში

ავტორი: მარიამ გაბოშვილი 

სკოლაში ვიყავი. გაკვეთილები რომ დასრულდა და ტელეფონი შევამოწმე, დედას ჰქონდა მოწერილი, დამირეკეს და იმეილი გაქვს დასადასტურებელიო. ვერ მივხვდი ბოლომდე, რა ხდებოდა და სრულიად აუღელვებლად წავედი სახლში. იქ უკვე კარგად დაველაპარაკე დედას და მაშინ გავიგე, რომ FLEX -ის ფინალისტი ვიყავი. იმ დღეს მიღებული ემოციები არასდროს დამავიწყდება. 

გამგზავრების პერიოდი ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. წასვლის საერთოდ არ მეშინია, რადგან ცვლილებებთან საკმაოდ ადვილად შემიძლია ადაპტირება. დარწმუნებული ვარ, ახალ გარემოს მარტივად შევეგუები. ვფიქრობ, საინტერესო  გამოცდილება იქნება ჩემთვის – სუპერ სახელმწიფოში  ერთი სასწავლო წლის გატარება, ახალი მეგობრების შეძენა, იმ ქვეყნის სასკოლო სისტემის გაცნობა. მგონია, რომ საინტერესო თავგადასავლები მელის წინ.

რამ განაპირობა ჩემი წარმატება

FLEX-ში გამარჯვება მიზნად მქონდა დასახული. პროგრამის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი. გაცნობიერებული მქონდა, რა იყო ჩემი მიზანი, რა მინდოდა, რა მნიშვნელობა ექნებოდა  გამარჯვებას ჩემთვის.

დიდი შემართებით და პოზიტიური განწყობით ვუდგებოდი ყველაფერს. ჩემი თავის ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ზოგადად, როცა რაღაც მთელი გულით გინდა და ამაში შესაბამის შრომასაც დებ, ბოლოს აუცილებლად დაგიფასდება, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ვფიქრობ ესაა წარმატების ფორმულა.

როგორ მივიღე მონაწილეობა?

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. პირველად სოციალური ქსელით გავიგე FLEX-ის პროგრამის შესახებ და დავინტერესდი, მამიდამაც  მირჩია, მონაწილეობა მიმეღო და დავთანხმდი.

დიდი მხარდაჭერა მქონდა ჩემი ოჯახისგან და მასწავლებლებისგან – კასპში, ბესიკ ნიპარიშვილის სახელობის გიმნაზიაში ვსწავლობ. ჩემი სკოლა ერთ-ერთი ავტორიტეტული  სკოლაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და შეიძლება ითქვას, რომ რეგიონშიც.

ამ მხარდაჭერამ კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია და რწმენა, რომ გავიმარჯვებდი. სბოლოოდ კი, კონკურსის სამი ეტაპი წარმატებით გავიარე და უკვე ფინალისტი ვარ.

რას ვურჩევ თანატოლებს?

პროგრამაში გამარჯვებამ დამანახა, რომ  შეუძლებელი არაფერია. ადამიანების შესაძლებლობები კი უსაზღვროა. მთავარი საკუთარი თავის რწმენა და მონდომებაა.

პროგრამის სხვადასხვა ეტაპი სხვადასხვა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და მასზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს ვურჩევდი, რომ ყოველ ეტაპზე მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, არაფერზე ინერვიულონ და ყველაფერს პოზიტიურად მიუდგნენ, იყვნენ თავდაჯერებულები, გულწრფელები, დაისახონ მიზნები და არასოდეს შეწყვიტონ  დასახული მიზნისკენ სწრაფვა.

დატოვეთ კომენტარი