საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება.
ღარიბაშვილი კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
“ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით – 8.3 მლნ ლარი”, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.