ბლოგები

როგორ გავხდი ვიკიპედიას თანამშრომელი და რამდენად სანდოა ქართული ვიკიპედია 

ავტორი: ჯაბა ლაბაძე, ვიკი-მასწავლებელი სურამიდან

2008 წლის 11 ივნისს დაიწყო ჩემი, როგორც ვიკიპედიელის კარიერა. მეგობარმა მთხოვა ხაშურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვიკიპედიის შესახებ ტრენინგის ჩატარება მინდა და იქნებ მოხვიდეო. პირველად სწორედ იქ დავეუფლე ვიკიტექნოლოგიებს და მას შემდეგ, აგერ უკვე 14 წელია, ვიკიპედიის, მეტად საინტერესო, სასიამოვნო და საპასუხისმგებლო ტვირთს ვზიდავ.

ამ დროისათვის, უკვე 13 500 სტატია მაქვს დაწერილი, უამრავი კი – დარედაქტირებული და განვრცობილი. ძალიან მსიამოვნებს ვიკიპედიაში სტატიების წერის პროცესი და ალბათ სწორედ ამან, მოხალისეობის დიდმა სურვილმა გადამაწყვეტინა სტატიების წერა. 

როგორ შევქმენი ვიკი კლუბები

დაახლოებით 8-9 წლის წინ, ვიკიტექნოლოგიების შეტანა გადავწყვიტე სწავლების პროცესში და ისტორიის სწავლება ვიკიპედიის გამოყენებით წარმატებული აღმოჩნდა. ასე გავხდი „ვიკი-მასწავლებელი“.

2018 წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პრაქტიკულად ეს ახალი, ინოვაციური მეთოდი წარვადგინე და ეროვნული ჯილდოს ხუთეულშიც მოვხვდი. რადგან ჩაითვალა, რომ ეს მეთოდი წარმატებული იყო, დავიწყე ვიკიპედიისა და ვიკიტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების პოპულარიზაცია.

2018-2019 წლებში საქართველოს ყველა რეგიონის 33 სკოლა მოვიარე და ძალიან ბევრს ვსაუბრობდი ჩემს პრაქტიკაზე ამ მიმართულებით. ამავე პერიოდში ნელ-ნელა გაჩნდა ვიკი-კლუბების ჩამოყალიბების, ქართულენოვანი ვიკიპედიის გამდიდრების, მოსწავლეების მიერ ცოდნის გაღრმავების იდეა.

2020 წელს ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მხარდაჭერით, სურამის მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე დავაარსეთ ვიკიკლუბი, რომელსაც ორგანიზაციამ საჩუქრად გადმოსცა ორი ლეპტოპი და პროექტორი. აქედან იწყება ახალ-ახალი ვიკიპედიელი თაობების აღზრდა. ამჟამად საქართველოში ხუთი ვიკიკლუბი მოქმედებს (სურამის, მარნეულის, არალის, ბაღდათისა და სენაკის).

ვიკიკლუბის წევრები არიან ძირითადად სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ვიკიპედიაში მუშაობის ტექნოლოგიებს,  იმდიდრებენ ცოდნას და ეჩვევიან მოხალისეობრივ საქმიანობას. გარდა ამისა, მათ სრული უფლება აქვთ წერონ იმ თემატიკაზე, რაც მათთვის სასურველია და ახლოა. 

ვის შეუძლია ვიკიპედიაში ინფორმაციის განთავსება  და რამდენად სანდოა

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და მასში ცვლილებების და ინფორმაციის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ინფორმაცია უწესრიგოდ, წესების გარეშე შედის ვიკიპედიაში. არა. ვიკიპედიას აქვს თავისი წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, შეტანილი ინფორმაცია იშლება.

ვიკიპედიის მთავარი პრინციპია ინფორმაციის სანდოობა – ის უნდა იყოს დაფუძნებული სანდო და გადამოწმებად წყაროებზე. სხვანაირად ინფორმაციის განთავსება ვერ მოხდება.

ვიკიპედიაში ორ ათეულზე მეტი შემმოწმებელი და ხუთი  ადმინისტრატორია, რომელთა ხელში გაივლის ყველა  სტატია და თუკი ის საბოლოოდ წესებს ექვემდებარება, შეამოწმებენ და მაშინ მისი ნახვა ყველას შეეძლება. აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ვიკიპედია საკმაოდ სანდო ენციკლოპედიაა.

ვიკიპედიაში არის შეცდომები, მაგრამ როგორც რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ენციკლოპედია ბრიტანიკა გაცილებით მეტ შეცდომას შეიცავს, ვიდრე ვიკიპედია. არადა, მას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ვიკიპედია თანამედროვე ეპოქაში ძალზე სანდო და რაც მთავარია, სწრაფად მოძიებადი ენციკლოპედიაა. 

ვიკიპედიას მომხმარებელს ვურჩევ

ქართველ მომხმარებლებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ქართულენოვანი ვიკიპედიისადმი, ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ვიკიპედია, როგორიც ინგლისურენოვანია; მოხალისეების სიმცირეს განვიცდით; ეს კულტურა საკმაოდ დაბალია ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ვიკიპედიას თუ ნაკლი აქვს, ამის მაშინვე წინ წამოწევა გვიყვარს, მაგრამ გვავიწყდება ერთი მთავარი რამ: თუკი მოგვწონს ინგლისური ვიკიპედია, უნდა გვესმოდეს, რომ მას მთელი მსოფლიოს ინგლისურენოვანი მოსახლეობა ავსებს განურჩევლად ეროვნებისა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ქართულს მხოლოდ ქართველები ვწერთ და ისიც ძალიან დაბალი ხალისით. შემოგვიერთდით და ერთად შევაგროვოთ ცოდნა ახალი თაობის უკეთესი მომავლისათვის.

დატოვეთ კომენტარი