ბლოგები

იციან ქალებმა საკუთარი უფლებები?

ავტორი: ნინო სუხიაშვილი

ქალებისთვის, როგორც წესი, ყოველი დღე იწყება ადრე. დილა იწყება რუტინით და ეს, უმრავლეს შემთხვევაში, სულაც არ არის დილის მაკიაჟი და გამაჯანსაღებელი პროცედურები, როგორც ინსტაგრამის სთორებზე უყვართ ხოლმე მოყოლა.

ქალების დიდი უმრავლესობა დილას მძიმე შრომით იწყებს. სოფელში ჯერ ცხოველები და ბაღ-ბოსტანია მოსავლელი, შემდეგ კი ქმარ-შვილია გამოსაკვები და გასასტუმრებელი ზოგი სკოლაში, ზოგი საბავშვო ბაღში, უკეთეს შემთხვევაში სამსახურში, ან სულაც მეზობელ უბანში – ბირჟაზე. იგივე დღე ქალაქში შესაძლოა მარკეტიდან პროდუქტის ამოტანით დაიწყოს, დანარჩენი კი მარად იგივე და მსგავსია.

საქმე კი გრძელდება. თუ ქალი მუშაობს, დატვირთული დილის შემდეგ ხანგრძლივი, დამღლელი და უშეღავათო სამუშაო დღე ელის, ვინც სახლშია – ასევე ხანგრძლივი, დამღლელი და უშეღავათო საოჯახო საქმე – დალაგება, სადილი, სარეცხი, საყიდლები, სკოლიდან მოსული ბავშვის მეცადინეობა…

მოსამსახურეთათვის სამუშაოს მერე სასწრაფოდ მეორე ცვლა იწყება: სადილი, სარეცხი, დალაგება…

აქ კომპრომისის ადგილი უბრალოდ არ რჩება, რადგან საქმის უკან ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანები – ოჯახის წევრები დგანან – ქალის შრომის ბენეფიციარები.

ქალებმა იციან, რომ დილით ჭურჭლის ნიჟარაში მიგდებული ჩაის ჭიქების გარეცხვა მარადიული საქმეა. ხშირად სიყვარულსა და ერთგულებაზე მტკიცეც კი.

ქალებმა ზუსტად იციან, რომ სიცხიანი ბავშვის ლოგინთან ღამის გათევა და ათასგვარ ინფექციასთნ წარმატებით გამკლავება გაცილებით დიდი ბედნიერების და კმაყოფილების მომტანი გამარჯვებაა, ვიდრე ნებისმიერი კარიერული წინსვლა, ამიტომ ძალიან ხშირად,  საკუთარი ნებით ამბობენ უარს სამსახურში დაწინაურებაზე. იგივე ცოდნა, უმთავრესად, „დაფარულია“ მამაკაცებისთვის.

ქალებმა იციან, რომ დაუძლურებული მოხუცის მოვლა გაცილებით დიდი მადლია, ვიდრე თუნდაც ტაძრის აგებისთვის გაღებული შეწირულობა, ამიტომ ხშირად, თუ სახლში მოხუცია მოსავლელი, არც კი ცდილობენ მაღალანაზღაურებადი პოზიციის მისაღებად გაისარჯონ. მამაკაცთა უმრავლესობას არც ამ ცოდნაზე „მიუწვდება ხელი“

ჭეშმარიტად, ქალებმა საუკეთესოდ იციან საკუთარი მოვალეობები.

თუმცა, თუ უფლება არ არსებობს მოვალეობის გარეშე, არც მოვალეობა არსებობს უფლებების მიღმა.

ამიტომ, ქალებმა კარგად იციან, რომ მათი შრომა ხშირად მამაკაცების შრომის დარად ანაზღაურებული არ არის, მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა და სამუშაო დატვირთვისა. ქალებმა იციან, რომ ხშირად სამსახურში მიღებისა თუ დაწინაურებისას მათი ნებისმიერი სოციალური სტატუსი შესაძლოა უხილავ ბარიერად იქცეს – ახალგაზრდა ქალს  დასაქმებაში ხელი შეეშალოს, ვინაიდან პოტენციურ დამსაქმებელს დაუქორწინებელი ქალის სამსახურში მიღება არ სურს, რადგან სამომავლოდ კადრის დაკარგვის რისკს ერიდება; ახალგაზრდა დედას შვილის შესაძლო, ჰიპოთეტურმა ავადობამ (ბავშვები ხომ ხშირად არიან ავად), ან მომავალი შესაძლო ფეხმძიმობის ალბათობამ შეუშალოს ხელი დასაქმებაში, უკვე ასაკში შესულს კი მიზეზად დისკვალიფიკაცია მოუგონონ, სანამ ფაფების ხარშვით იყავი დაკავებული, პროფესიულად ჩამორჩენილხარო.

ქალებმა ისიც იციან, რომ სამემკვიდრეო ქონებაში კანონი გენდერულად ნეიტრალურია, მაგრამ კულტურული წნეხი აიძულებთ უარი თქვან მემკვიდრეობაზე და ამის გამო ხშირად ითმენენ ძალადობას, დამცირებას და ჩაგვრას.

ჭეშმარიტად, ქალებმა იციან უფლებებიც.

მაშ, რატომ არ ისმის ქალთა ხმა უფრო ხმამაღლა? ალბათ, იმიტომ, რომ ქალების პრობლემა უფლებების რეალიზაციაშია. რაც, თვის მხრივ, სოლიდარობის ნაკლებობის ნაკლებობითაა გამოწვეული. 

სოლიდარობა საქართველოში მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის. ეს ნამდვილად ის სფეროა, სადაც შესამეცნებელი და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. თუმცა, გადაულახავი ბარიერი არ არსებობს, მითუმეტეს ქალებისთვის. ამიტომ, ქალებმა მხნედ და თამამად უნდა გაიარონ სოლიდარობის გზა უფლებების ცოდნიდან უფლებების რეალიზაციამდე.   

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.