ნიკა გვარამიას დაკავებას გორში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან და მისთვის პატიმრობის მისჯას სამართლიანად აფასებენ.
“ეს სასამართლოს გამოტანილი განაჩენია და უნდა მივიღოთ. მე არავის ციხეში ჩაჯდომა არ მინდა, მაგრამ ვინც დანაშაულს სჩადის, ის უნდა დაისაჯოს, სხვანაირად სახელმწიფო ვერ გვექნება”, – ამბობს დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
დავით რაზმაძე თვლის, რომ ერთ-ერთი კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის დაკავება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე არ აისახება.
“თუ ვიღაცას ეჭვები უჩნდება, საქმე უნდა შეისწავლოს. ვფიქრობ, რომ რაიმე ეჭვი არსებობს და კითხვებია ამ საქმის ირგვლივ, მაშინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო და შეუძლიათ მიმართონ. აქამდეც შეეძლოთ მიემართათ, იგივე შეიძლებოდა გაეკეთებინად სააკაშვილის შემთხვევაშიც, გამოდის რომ მათ, ევროპული სასამართლოსიც არ სჯერათ? საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები ჰყავთ და მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მიშა გოგინაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია აქამდეც უნდა მჯდარიყო ციხეში.
“გვარამია აქამდე უნდა მჯდარიყო ციხეში, მრავალი განადგურებული ცხოვრების გამო, მისი პროკურორობის დროს”, – ამბობს მიშა გოგინაშვილი.
“დღეს თუ არა, ხვალიდან უნდა ველოდოთ კუბილიუსების, რიშების და ძმათა განცხადებებს საქართველოში კრიტიკული მედიის დევნაზე, დემოკრატიის შემცირებაზე. ეს, კიდევ ერთხელ არასასურველ დამოკიდებულების გაღვივებას გამოიწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში დასავლეთის მიმართ. კაპიტანი გიგაური და სხვანი პირდაპირ უწყობენ ხელს თავისი ტყუილებით, ორმაგი სტანდარტებით ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას საქართველოში”, – ამბობს გოგინაშვილი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.