სტატიები

“ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ” – გვარამიას დაკავებას გორში გამოეხმაურნენ

ტელეკომპანიის “მთავარი” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გორში გამოეხმაურნენ.

მის მხარდასაჭერად ქალაქის ცენტრში, საკრებულოს შენობასთან აქციაც გაიმართა.

“ჩემი აზრით, ყველა, ვინც თვალს უსწორებს დღევანდელ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია, უნდა იდგეს ნიკა გვარამიას გვერდით. ჩემი აზრით, ის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სიმბოლო, რომელიც არ უშინდება არაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ციხის კედლებიდანაც შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას”, – ამბობს გიორგი ახალკაცი, “მთავარი არხის” ჟურნალისტი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ-ერთი კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის დაკავებას ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ აქტად აფასებენ და თვლიან, რომ ამგვარი ქმედებები ქვეყნის ევროპულ მომავალ საფრთხეს უქმნის.

“ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ”, – ამბობს ანი ბალიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრი.

“ნიკა გვარამიას დაკავებით, ჩვენმა ხელისუფლებამ პირდაპირ გვითხრა, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება. ჩვენ, ერთის მხრივ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გვაქვს გაკეთებული და მეორე მხრივ პოლიტიკურ დევნილებად ვაქციეთ ოპოზიციის ლიდერები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიამენეჯერები და ეს ყველაფერი ნიშნავს, იმას რომ ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ”, – ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი.

გორელი ოპოზიციონერების შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დაპატიმრებების გამო, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესს საფრთხე ექმნება.

“დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში სხვა მოლოდინი არც მქონდა. დღეს, სასამართლო სისტემა ისეა შელახული და სახელგატეხილი, რომ რთულია მაღალი ინტერესის საქმეებზე, გაარკვიო ადამიანი დამნაშავეა თუ არა”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი.

“ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად მოქმედებს ასეთ დროს. რაც შეეხება, კონკრეტულად გვარამიას დაკავებას, რაც მოხდა, არის დაუშვებელი, მითუმეტეს იმ დროს, როცა ქვეყანა დგას გზაგასაყარზე ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ამგვარი საქმეები ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ზოგადად ევროინტეგრაციის საკითხზე, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა სახელმწიფოს, მაგრამ არ გამოიჩინა”,- ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.