ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის კომპანიებმა, სახელმწიფოსგან რთველის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს.
“ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს “ქართული ოცნებიდან””, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაალ დუგლაძეს წილები 6 კომპანიაში აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია.
სააქციო საზოგადოება “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ” ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1 342 509 ლარი მიიღო. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დავით დუგლაძე, წევრები კი – ეკატერინე დუგლაძე – დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე- და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან.
შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759,988.25 ლარი მიიღო.
ამ კომპანიას 23-23 პროცენტიანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე, რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა, ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8 პროცენტის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.
დავით დუგლაძე “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველია. 2016-2020 წლებში მან 155 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60 000 ლარი ჰქონდა შეწირული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”.