ძაფი, მავთული, ბისერი, თექა, ჭრელი ნაჭერი – ესაა ის ყველაფერი, რაც თეონა ქამხაძეს დეკორაციების გაკეთებისთვის სჭირდება.
თეონა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ცხოვრობს, პროფესიით სამართალმცოდნე, ამჟამად სოფლის სკოლაში, უკვე მესამე წელია მანდატურად მუშაობს. როგორც თავად გვიყვება, წარსულში ზემო ხანდაკის მუსიკალურ სკოლაში შემოქმედებითი წრეც ჰქონდა გახსნილი, სადაც მოსწავლეებს ხელსაქმეს ასწავლიდა.
“ჩემი საყვარელი საქმე ბავშვობიდან იყო ქსოვა, კერვა და სხვადასხვა მასალისგან სამკაულების, ჩანთების და ზოგადად, აქსესუარების კეთება. პირველად ქსოვა 10 წლის ასაკში დავიწყე. ხატვა მიყვარდა და ეს დამეხმარა დამემზადებინა დეკორაციებიც”, – ამბობს თეონა.
ბისერებით შექმნილი სამკაულები, თექის ჩანთები და ყვავილები, ქვებისა და ხისგან დამზადებული ნივთები – ამ ყველაფერს აღმოაჩენთ თეონას ნამუშევრებში.
“ძალიან მიყვარს ყვავილები და ყველაზე ხშირად ყვავილებს ვაკეთებ. ამ დროს შეიძლება გამოვიყენო ძაფი, მავთული, ბისერი, თექა ან ნაჭერი. საკმაოდ შრომატევადია. იდეაში როგორც წარმოვიდგინე, მინდა ისეთი გამოვიდეს. მაქსიმალურად ჩართული ვარ კეთების პროცესში, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. შინაგანი განწყობა ამ დროს საოცარია. ნივთის დასრულების შემდეგ მიგვრძნია დაღლა, თუმცა ის განცდა, რომ შენს შექმნილს უყურებ, მთლიანად ფარავს ნეგატივს”.
თეონა დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ახერხებს დრო საყვარელი საქმის კეთებასაც დაუთმოს. ამიტომ თავისუფალ დროს ოთახშია და ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს.
“არასდროს ვაგდებ გატეხილ, ან გაბზარულ ნივთებს, როგორიცაა ვაზა, დოქი. ვაზაზე გარედან ვქსოვ და ყვავილებს ვამაგრებ. მახსოვს დოქისგან ულამაზესი დეკორაცია შევქმენი, ტყის იმიტაციაა, რომ ვუყურებ ზღაპარში წარმოვიდგენ ხოლმე თავს”, – იხსენებს თეონა.
თეონას ყველაზე მეტად მოსწავლეებთან ურთიერთობა ეძვირფასება და გულის სწყდება, რომ მათ ხელსაქმეს ვეღარ ასწავლის, თუმცა საუბარში აღნიშნავს, რომ თუ საშუალება მიეცემა და ექნება შესაფერისი გარემო, მათ საკუთარ ცოდნას კვლავ გაუზიარებს.