სამი თანაშემწე, ორი მრჩეველი და ორი მოადგილე თუ ჰყავს მერს, თვითონ რაღას აკეთეს?! – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა გორის მერის წერილს, სადაც ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თანაშემწის შტატის გაუქმება და მეორე მრჩევლის დამატება სთხოვა.
შტატის გარდაქმნას ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. პარტია “საქართველოსთვის” წევრები საკრებულოს სხდომაზე ითხოვდნენ, რომ გორის მერმა განმარტება გააკეთოს მეორე მრჩევლის პოზიციის შექმნაზე და დეპუტატები ამის საჭიროებაში დაარწმუნოს.
“გორის მერიას აქვს კულტურის და სპორტის განყოფილება და რაღა საჭიროა მრჩეველი ამ მიმართულებით, უნდა აგვიხსნას ეს ბატონმა მერმა”, – ამბობს ბოლაშვილი.
საკრებულოს დეპუტატი მერაბ გოხელაშვილი ფიქრობს, რომ თუ მერს მრჩეველი სჭირდება ეს კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს.
“თუკი მერს სჭირდება მრჩეველი, მაშინ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. გამოდის, რომ უკვე მუშაობს ეს პიროვნება და მაშინ დაგვისახელეთ, ვინ არის, ან რომელი თანაშემწე გადადის მრჩეველის პოზიციაზე?!”– ამბობს გოხელაშვილი.
აღნიშნულ საკითხს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მერის გადასაწყვეტია თანაშემწეს გადაიყვანს მრჩევლის პოზიციაზე, თუ ახალს აიყვანს.
“მერს ჰყავს ოთხი თანაშემწე. ახლა უნდა, რომ ერთ- ერთი თანაშემწის ფუნქცია მრჩევლად გარდაიქმნას. გორის მერი გაუშვებს მეოთხე თანაშემწეს, რომლის შტატიც უქმდება და სხვას დანიშნავს თუ იგივე პიროვნებას, ეს მასზეა დამოკიდებული”, – განმარტა ნადირაძემ.
ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, საკითხი გორის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ინფორმაციისთვის, გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ახლა სამი თანაშემწე, ორი მრჩეველი და ორი მოადგილე ჰყავს.