გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მერიების ბალანსზე 39 ავტომობილი ირიცხება, მათი ნაწილი მუნიციპალიტეტებს შიდა ქართლის გუბერნიამ გადასცა, ნაწილი კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიძინეს.
საერთო ჯამში, ქარელის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, ავტომობილების შესაძენად 33 190 ლარი დაიხარჯა.
“აღნიშნული ავტომობილების გარდა, მერია გეგმავს დამატებით ორი ავტომობილის შეძენას, ეკონომიკური განვითარების და ზედამხედველობის სამსახურებისთვის”, – განმარტავენ ქარელის მერიაში.
მიმდინარე წელს ხაშურის მერიამ დამატებით ორი ავტომობილიც შეიძინა, რაშიც 36 400 ლარი გადაიხადა.
“მერიამ წელს შეიძინა ორი ავტომობილი, ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა ავტომობილები ჯერ არ მოუწოდებიათ, მოწოდების ვადა ჯერ აქვთ”, – განმარტავს ხაშურის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო სუხიაშვილი.
“კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ირიცხება 9 ავტომობილი, აქედან 4 ავტომობილი გადმოგვეცა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულს ადმინისტრაციიდან, ხოლო 5 შეძენილია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ”, – განმარტავენ მერიაში.
საერთო ჯამში კასპის მერიამ 5 ავტომობილის შესაძენად 204 429 ლარი დახარჯა. მიმდინარე წელს მერიამ კიდევ ერთი ავტომობილი შეიძინა, რაშიც 53 400 გადაიხადა.
გორის მერიის ავტოპარკში ამ დროისთვის ახლად შეძენილი ავტომობილის გარდა, 14 ავტომანქანაა, აქედან 4 საკრებულოს გადაეცა.