“კასპში ყველა მიცნობს. ბევრს აცვია ჩემი შეკერილი ტანსაცმელი. მეუბნებიან, რომ ხარისხიანად ვკერავ”, – ამბობს მაია დანელია ხიზანიშვილი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ცხოვრობს და უკვე წლებია სამკერვალოში მუშაობს.
მაია ბავშვობიდან კერავს. პირველი ნამუშევარი 5 წლის ასაკში შექმნა – თოჯინას პალტო შეუკერა და მას შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ნივთების შექმნა.
“ვკერავ პალტოებს, კაბებს, ქოშები და ფეხსაცმელებიც შემიკერავს, გააჩნია, ვის რა უნდა. ჯერ კიდევ პატარა ასაკში დავდიოდი ხოლმე სამკერვალოებში და თვალს ვადევნებდი კერვის ტექნიკას. არ მქონდა თარგები, რომ გამომეჭრა ქსოვილი, ამიტომ ზედ მივიდებდი ხოლმე და ასე ვჭრიდი.”
მაიამ ლამაზი კაბები ჯერ თავისთვის შეიკერა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა თანასოფლელებისთვის და მალე შეკვეთებიც მიიღო.
“მეზობლის ქალებს ხალათები შევუკერე და პირველი ჰონორარი 5 მანეთი მაშინ ავიღე”, – ამბობს და იმ ისტორიას გვიყვება, რომელიც წარსულიდან ყველაზე ტკბილად ახსენდება, – “ჩემი მეზობელი სამკერვალოში მუშაობდა. ერთ დღეს სახლში მონარჩენი ქსოვილები მოიტანა, ჩითის ნაჭერი იყო, ლურჯი პატარა ყვავილებით. რომ დავინახე, ისე მომეწონა, ვთხოვე მომეცი ეს ნაკუწები და მე გამოვიყენებ-მეთქი. ეს ქსოვილები ერთმანეთს გადავაკერე და ისეთი ლამაზი კაბა შევკერე, ყველა აღნიშნავდა მის სილამაზეს”.
მაიამ დაოჯახების შემდეგაც არ დაივიწყა საყვარელი ხელსაქმე და როგორც თვითონ გვიყვება, ამ ხელობამ მძიმე წლებიც კი გადაატანინა. ეკონომიკური პირობების გამო, ის ხშირად დღე და ღამეც კი მუშაობდა, რომ შეკვეთები დროულად ჩაებარებინა.
“ღარიბ ოჯახში გავთხოვდი, ყველაფერი გვაკლდა. მახსოვს, ორსული რამდენს ვმუშაობდი, რომ ვიდრე პირველი შვილი დაიბადებოდა, ჩემი ფულით მეყიდა საჭირო ნივთები. როდესაც წამოიზარდნენ, არ მინდოდა გაჭირვება ეგრძნოთ, ამიტომ ძველ ტანსაცმელს ისე ვანახლებდი ხოლმე, ყველა მათ უყურებდა. ალბათ ფიქრობდნენ, რა ეტყობათ ახლა ამათ რომ ღარიბები არიანო”, – იხსენებს მაია.
“წარსულისგან განსხვავებით, ახლა ქსოვილებს თავად ვარჩევ და ვყიდულობ”, ამბობს და სხვადასხვა ფერის და ვიზუალის ქსოვილებს გვაჩვენებს, რომლებიც საკერავი მანქანის გვერდით, თაროებზეა განთავსებულ, – “ნახეთ ეს აბრეშუმია, ეს ბამბა, სატინი, ატლასი”.
მაია ბოლო წლებში საბნებს და ლეიბებს კერავს, პროდუქციას კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგზავნის. გადაწყვეტილი აქვს, ახლო მომავალში ახალი სამკერვალო სახლის სარდაფში მოაწყოს, სადაც ხელსაქმეს სხვებსაც ასწავლის, თანაც უფასოდ.