ბლოგები

სოფელი, რომელიც მიყვარს და სადაც ცხოვრება რთულია 

ავტორი: ნათია ქუჯოშვილი

ძალიან მარტივია გიყვარდეს ადგილი, სადაც ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, რაც გჭირდება – სახლთან ახლოს გაქვს კინო, თეატრი, თავშეყრის ადგილი და სასურველ ადგილამდე მისასვლელად, არც უსწორ-მასწორო გზებზე სიარული გიწევს. შედარებით რთულია შეინარჩუნო იმ ადგილის სიყვარული, სადაც კარგად კი არა, ნორმალურად ცხოვრებაც კი ძალიან რთულია. აი, სწორედ ამის დასტურია ჩემი სოფლის ამბავი – საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, მიყვარს აქაურობა და ყოველდღიურად ვისმენ, როგორ გეგმავენ ადამიანები ერთ დღეს აქედან წასვლას. 

სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ცხოვრება ერთ ადგილზე დგას, პრობლემები არსად მიდიან და განვითარებაც არა და არ მოდის. 

წარმოიდგინეთ,  ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი დააგეს და მაინცდამაინც სწორედ ის მონაკვეთი დატოვეს მოსაპირკეთებელი, რომელსაც ადამიანები სახნავ-სათეს ნაკვეთებში, მაღაზიასთან და ავტობუსის გაჩერებასთან მისასვლელად იყენებს. სულ რაღაც 150 მეტრზეა საუბარი, რომლის გაკეთება არ მგონია ბიუჯეტისთვის განსაკუთრებული ტვირთი ყოფილიყო. 

ჩვენი სოფლის მიმართ რაღაცნაირი, არასაიმედო და უსიამოვნო დამოკიდებულება სხვა დროსაც დამინახავს – არჩევნების პერიოდს გავიხსენებ, როცა რეგიონში სოფლის აღმნიშვნელი აბრების გამოცვლა დაიწყეს. პროცესში გაირკვა, რომ ჩვენს შემთხვევაში, აბრას სოფლის შესასვლელში კი არა, სოფელშივე დგამდნენ, რაც აქაურებს, ბუნებრივია, არ მოეწონათ. ამით ხომ  აძვის ტერიტორია მცირდებოდა.  გადავწყვიტეთ ამის გაპროტესტება და შედეგად ის მივიღეთ, რომ სოფელი საერთოდ აბრის გარეშე დატოვეს. ერთი შეხედვით, აბრაზე ამდენს არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ეს პრობლემა ადამიანებს ხშირად ურთულებს ცხოვრებას – უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა სოფელს ვერ აგნებს და ამის გამო, ადგილამდე მოსვლას აგვიანებს. 

ახალგაზრდა ვარ და აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი და ჩემი თანატოლების პრობლემაც – სოფელში  ახალგაზრდებს არ გვაქვს ისეთი სივრცე, სადაც შევიკრიბებით. დაგვპირდნენ სტადიონის აშენებას, რომელსაც უკვე დიდი ხანია ველოდებით, თუმცა ჯერ ვერაფერ საიმედოს ვერ ვხედავთ.

რთულია ხედავდე, ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობდე ამ პრობლემებს და მაინც აქ დარჩენა გინდოდეს. ამიტომაც ვერავის ვამტყუნებ, ვინც სოფლიდან მიდის და სხვაგან ცდილობს ცხოვრების მოწყობას. 

უბრალოდ მგონია, რომ ეს სოფელი მიტოვებას, დაცლას არ იმსახურებს. მხოლოდ ლამაზი ბუნების გამო კი არა, აძვი საკუთარი ისტორიითაც გამორჩეულია. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ფეისბუქზე ჩემი სოფლის გვერდი შემექმნა და ჩემი მშობლიური სოფლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები გამევრცელებინა. 

მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ სოფელ აძვში მდებარე სკოლის შენობას საინტერესო ისტორია აქვს და მისი აშენება თავადების სახელს უკავშირდება. კერძოდ, აღნიშნული სკოლა თავის დროზე დიდებულიძეებმა ხმალაძეების სახლში გახსნეს. 

გული მწყდება, რომ უამრავი გამოწვევის გამო, ადამიანებს დრო აღარ გვრჩება ისტორიაზე, კულტურაზე საფიქრალად. მინდა, რომ რამე გავაკეთო ამის შესაცვლელად – ვფიქრობ, მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტები შევაგროვო და ჩემი სოფლის გვერდზე რუბრიკა გავაკეთო “მივიწყებული ისტორიები”. 

იქამდე კი, ჩემი სოფლის ფოტოებს ვაგროვებ – დავდივარ და ვიღებ ყველაფერს, რაც აქ მიყვარს და მეძვირფასება. 


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი