რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცი არკადი კასრაძე, ერგნეთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. პროცესიაში მონაწილეობა ახლობლებმა, მეგობრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს.
კასრაძის ოჯახის წევრების თქმით, არც დაკრძალვაზე და არც პანაშვიდზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაკრძალვაზე დასწრება ღირსების საკითხი იყო და ისინი სამწუხაროდ, ვერ იაზრებენ, რომ გმირებს პატივი უნდა მიაგონ.
“სამწუხაროდ, არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვთ იმის განცდა, რომ ეს გმირი ბიჭები მათი ქვეყნის თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის დაიღუპნენ. ისინი ვერ იაზრებენ, რომ მათი ღირსების საკითხია გმირებს პატივი მიაგონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პრო-რუსულ განწყობას, რადგან მათ არც ღირსება და არც ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. ეშინიათ ერთი კაცი არ გაუბრაზდეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, რომელიც პირდაპირ პუტინთან არის დაკავშირებული”, – აცხადებს ფანქველაშვილი.
ჯარისკაცის დაკრძალვას გორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ენმ-ის წევრი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა მიანიშნებს, რომ ის რუსეთის გულშემატკივარია.
“თითქმის 5 დღეა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე ჩამოსვენებულია, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ოჯახისთვის სამძიმარი არავის უთქვამს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ასევე არ მიუღიათ მონაწილეობა ცოცხალ ჯაჭვში და გმირისთვის პატივის მიგება არც უფიქრიათ. ეს ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და მართლაც ცხადი გახდა, რომ ის გულშემატკივრობს ოკუპანტ რუსეთს და არა ჩვენს მოძმე უკრაინას”,- ამბობს ბალიაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ინფორმაციისთვის, არკადი კასრაძე უკრაინის ომში 2 აპრილიდან იბრძოდა. 16 აპრილს კი, შეტაკებებისას გარდაიცვალა.