ადამიანები ისტორიები

14 წლის კერამიკოსი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან

საქველმოქმედო წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა, 14 წლის ბიჭს თავისი ნაკეთობები ჰქონდა გამოტანილი. გიორგი თედეევი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ცხოვრობს.

მაგიდასთან ახალგაზრდა ბიჭი დგას და თავის ნამუშევრებს დროდადრო ადგილს უცვლის. სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული დოქები, თასები და თეფშები გორში, სპეციალურად წინასააღდგომო გამოფენა – გაყიდვისთვის ჩამოიტანა.

“აქ ჩემს მასწავლებელთან ერთად მოვედი. მასაც თავისი ნამუშევრები აქვს გამოტანილი. მე ახლა ვიწყებ ყველაფერს – თან ვსწავლობ და თან ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები გავყიდო კიდეც.”

გიორგი ნივთებს კერამიკისგან ამზადებს. ამ საქმით 2 წლის წინ დაინტერესდა და ამ პერიოდში უამრავი კერამიკული ნამუშევარი შექმნა.

გიორგი თედეევის კერამიკული ნაკეთობები

“ვმუშაობ მხოლოდ კერამიკაზე. ჩემი მასწავლებელი გახლავთ ბატონი გიორგი ტატუნაშვილი, რომლისგან ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ და ძალიან მინდა, რომ სხვა ახალგაზრდებმაც მომბაძონ”.

გიორგი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ნიქოზში ცხოვრობს. ამბობს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას ყველაფრის მიმართ ინტერესი განელებული აქვთ.

“ნაკლები ინტერესი აქვთ, რაც ძალიან მაწუხებს. მინდა, რომ ბევრმა ახალგაზრდამ იპოვოს თავისი ინტერესის სფერო, განვითარდეს და თავისი შრომის შედეგიც დაინახოს”.

საკუთარი შრომით, გიორგის სამომავლოდ სახელოსნოს გახსნა უნდა, სადაც კვლავ კერამიკაზე გააგრძელებს მუშაობას.

“მინდა, რომ საკუთარი სახელოსნო მქონდეს. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი და ჩემი ნაკეთობების შესახებ ბევრ ადამიანს ეცოდინება.”

გიორგი მზადაა, მომავალშიც ჩაერთოს საქველმოქმედო ღონისძიებებში – მაგალითად დღეს, მან საკუთარი ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად გაიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.