ადამიანები ისტორიები

„მენტორის სტატუსი მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს” – თამარ ჯოლბორდის ისტორია

გორის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჯოლბორდი მენტორი მასწავლებელი გახდა.

მისი პედაგოგიური მოღვაწეობა 30 წელს ითვლის. ამბობს, რომ მენტორის სტატუსი, ჯილდოსთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა და ახლა უფრო მეტს მოსთხოვს საკუთარ თავს.

“იყო მენტორი მასწავლებელი ჯილდოცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ეს არის იმ წვლილის დაფასება, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებ. უამრავი პროექტი მაქვს განხორციელებული, იმ ფონზე, როდესაც არ იყო არც შუქი, არც გაზი, მაშინაც მოვალედ ვთვლიდი თავს და ახლა ეს ტიტული კიდევ უფრო მეტს მავალებს”,- ამბობს თამარ ჯოლბორდი.

თამარ ჯოლბორდმა ფიზიკა-ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც ის ამბობს სწავლის პერიოდში პედაგოგობაზე არ უფიქრია.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და განაწილებით ვიყავი გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. სწავლა რომ დავიწყე პედაგოგობაზე არ მიფიქრია. 13 წელი ვიმუშავე აქ და საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვედი, რადგან პატარა მყავდა, შორს ვცხოვრობდი. ბაღიდან ყველაზე გვიან მე გამომყავდა და ორიენტირება ავიღე სკოლაზე, რომ მეტი თავისუფალი დრო მქონოდა”, – იხსენებს თამარი.

თამარის მშობლები პედაგოგები იყვნენ, როგორც ის ამბობს, მისი მთავარი პრინციპია იყოს მათი ღირსეული მემკვიდრე.

“სკოლაში მუდმივ შტატში მუშაობა 1995 წლიდან დავიწყე. სერტიფიცირებული ვარ ფიზიკის და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ და მინდა ღირსეული პედაგოგების ღირსეული გამგრძელებელი ვიყო. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედოც და პრინციპიც”.

თამარი ონლაინ გაკვეთილებზე საუბრობს და ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლება მასწავლებლებისთვის გმირობის ტოლფასია და ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

“პანდემიის პერიოდში მასწავლებლობა გმირობაა, მახსოვს პირველი ონლაინ-გაკვეთილი, მე-5 კლასს ვუტარებდი, თითქოს გაცრეცილები და შეშინებულები მეჩვენებოდნენ, ბუნებრივია, ყველა დაძაბულები ვიყავით და ამ დროს ესაუბრო მოსწავლეს ფიზიკაზე, ცოტა არ იყოს და რთულია, ამიტომ ვაკეთებდი ისეთ სახალისო სავარჯიშოებს, რომ მასალა რაღაცნაირად შემოესწავლებოდათ ხოლმე. რთულია ამ რეჟიმში მუშაობა, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს”, – იხსენებს ის.

ამბობს, რომ მკაცრი მასწავლებელი არ არის და მოსწავლეებისგან იმას ითხოვს, რაც მათ ევალებათ. ფიქრობს, რომ ახალი თაობა უფრო თამამი და მომთხოვნია, რაც პედაგოგს დამატებით მოტივაციას აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.