ოპოზიცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისვლას ითხოვს.
ფრაქციებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “გორი საქართველოსთვის” ოფიციალური წერილით გორის მერს უკვე მიმართეს.
მივა თუ არა ხინჩეგაშვილი უახლოეს სხდომაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში “მოზაიკას” მოკლე პასუხი გასცეს.
” დაველოდოთ საკრებულოს სხდომას”, – განაცხადეს მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციის მოთხოვნას გორის მერის მისვლასთან დაკავშირებით მმართველი პარტიაში ეხმაურებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამარ მურალოვას თქმით, ოპოზიციას უფლება აქვს მერის მისვლა მოითხოვოს, თუმცა თუ რაიმე კითხვები აქვთ, მასთან უშუალო კომუნიკაციითაც შეუძლიათ მიიღონ პასუხები.
” რა თქმა უნდა უფლება აქვთ მოითხოვონ გორის მერის მისვლა საკრებულოში, თუმცა ის კითხვები, რაც ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს, მე არ მაქვს, რადგან როგორც მე ისე ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ხშირი კომუნიკაცია გვაქვს გორის მერთან. ვფიქრობ, რომ ოპოზიციასაც არ უნდა უჭირდეს მასთან კონტაქტი, წესით ასე უნდა იყოს, თუმცა არც ამაშია რაიმე პრობლემა, რომ ითხოვენ მის მოსვლას საკრებულოზე, დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშუალება ექნება, გორის მერი აუცილებლად მოვა სხდომაზე“, – გვითხრა მურალოვამ.
მისი თქმით, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში განვითარებულ მოვლენებზე გორის მერს პასუხების გაცემა გაუჭირდება, რადგან ის რამდენიმე თვეა რაც მუნიციპალიტეტის მართვას შეუდგა.
მე ვფიქრობ, რომ იმ მოვლენებზე, რაზეც ოპოზიციას კითხვები აქვს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ზუსტ პასუხებს ვერ გასცემს, რადგან სულ რამდენიმე თვეა რაც, მერის პოზიციაზე მუშაობს. მეც მაქვს კითხვები, რა თქმა უნდა და ჯობია, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ”, – ამბობს თამარ მურალოვა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციამ გორის მერის საკრებულოში მისვლა მასშემდეგ მოითხოვა, რაც მერიასთან დაქვემდებარებულ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აღნიშნულ საქმეზე დააკავეს სააგენტოს მთავარი ბუღალტერი, მას სასამრთლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.