გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის შვილის კომპანიას “შარა” 1 717 130-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
“შარამ” გაიმარჯვა მერიის იმ ტენდერში, რომელიც ეხებოდა სამეფო ქუჩის დასაწყისში მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანია ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.
“აღნიშნული ხიდი 1908 წელს არის აშენებული. ამ პერიოდისთვის რკინა-ბეტონი, როგორც სამშენებლო მასალა წარმოადგენდა ახალ ინოვაციურ სამშენებლო მასალას, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ხიდი იყო ინოვაციური ნაგებობა მსოფლიო მასშტაბით, თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე” , – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.
გორის მერიამ თავდაპირველად ტენდერი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა შესყიდვა ვერ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ ტენდერით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა.
მერიას ხიდის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ევროკავშირის გრანტმა მისცა, რომელიც უწყებამ პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში მიიღო.
რაც შეეხება კომპანიას “შარა” – მისი 33%-იანი წილის მფლობელი იოსებ მაკრახიძის შვილი ოფელია მაკრახიძეა.