გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტრის შვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ფულის მითვისებასა და გაფლანგვაში ბრალდებული ქალის შვილი წერს, რომ ლ.წ. მისმა ზემდგომებმა გაწირეს და დანაშაული სრულად მას გადააბრალეს. მისი თქმით, დედის უფლებების დასაცავად სამართლებრივად იბრძოლებს და ყველა იმ პირს გამოაშკარავებს, ვინც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში მონაწილეობდა.
“რახან, დედა ჩუმადაა გგონიათ ბუნაგში, რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ იმის პატიოსნებით. რახან ხმა არავინ ამოიღო გგონიათ შეგრჩათ. უფროსი რომ გამოდის და ამბობს ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი, რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი მე დაგანახებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან”, – ამბობს ლ.წ.-ს შვილი.
მისი თქმით, სააგენტოს ბიუჯეტს, მხოლოდ მთავარი ბუღალტერი არ განკარგავდა და საქმეში მონაწილე სხვა პირები პასუხისმგებლობას გაურბიან.
“სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აფსოლიტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი თუ ამნეზია დაემართა არ ახსოვს. ღმერთს ვფიცავარ თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი, ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ გპირდებით. ისიც გაითვალისწინეთ, მე, დედაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით”, – წერს ის.
ბუღალტრის შვილი ფიქრობს, რომ მის დედას ემუქრებოდნენ და სწორედ ამიტომ ბრალდებულმა ლ.წ. -მ ადვოკატი არ აიყვანა.
“თუ მუქარის ქვეშ გყავდათ, მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს. აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა გადმოგცემენ. თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ”, – წერს ლ.წ.-ს შვილი სოციალურ ქსელში.